weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სახალხო დამცველმა „ბიბლუსის“ წინააღმდეგ დისკრიმინაცია დაადგინა

12:32 ხუთშაბათი, 07 დეკემბერი 2017

საქართველოს სახალხო დამცველმა შპს „ბიბლუსს“ განსხვავებული მოსაზრებების გამო პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. საქმე ეხება „ბიბლუსი გალერეაში“ დასაქმებული ერთ-ერთი კონსულტანტის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტს მას შემდეგ, რაც მან „ბიბლუსში“ არსებულ შრომის პირობებზე საჯაროდ ისაუბრა, რის შემდეგაც ის როგორც მომხმარებელი „ბიბლუსი გალერეაში“ აღარ შეუშვეს.

განცხადების თანახმად, 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის 15 თებერვლამდე განმცხადებელი დასაქმებული იყო შპს „ბიბლუსში“ - ბიბლუსი გალერეაში რეზერვი კონსულტანტის პოზიციაზე. კომპანიაში სტაჟირების გავლის შემდეგ, ზედამხედველის რეკომენდაციით, იგი დასაქმდა ამავე პოზიციაზე და მისი თვიური ანაზღაურება შეადგენდა 250 ლარს. პოზიციიდან გამომდინარე, ის შპს „ბიბლუსის“ საბონუსე სქემაში ჩართული არ იყო. განმცხადებელი ასრულებდა სხვადასხვა სამუშაოს, თუმცა, მისი სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე შესრულებული ზეგანაკვეთური მუშაობისათვის ანაზღაურებას არ იღებდა. განცხადების თანახმად, 2016 წლის დეკემბერში „ბიბლუსი გალერეას“ მიერ შესასრულებელი გეგმა განსაკუთრებით მაღალი იყო წინა თვეებისგან განსხვავებით. ვინაიდან აღნიშნული გეგმა შესრულდა 100%-ით, „ბიბლუსი გალერეაში“ მომუშავე კონსულტანტებს გაუჩნდათ გონივრული მოლოდინი, რომ ბონუსი იქნებოდა ბევრად მაღალი ვიდრე წინა თვეებში. 2017 წლის 2 თებერვალს კონსულტანტებისათვის ჩარიცხული ბონუსის ოდენობამ უკმაყოფილება გამოიწვია, რის შედეგადაც კომპანიამ რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა, ხოლო დანარჩენების მიმართ მიიღო როტაციის გადაწყვეტილება. განმცხადებელმა და სხვა დასაქმებულებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საკუთარ შრომის პირობებზე საჯაროდ უნდა ესაუბრათ. ამ მიზნით მათ სოციალური გვერდის საშუალებით გაავრცელეს ვიდეომიმართვა, სადაც აღწერდნენ „ბიბლუსში“ არსებულ შრომით პირობებსა და პრობლემებს. ვიდეომიმართვის გავრცელების შემდეგ კომპანიასა და კონსულტანტებს შორის დაიწყო მოლაპარაკებები. ამ პროცესში განმცხადებელი გამოიკვეთა, როგორც ლიდერი, რის გამოც ადმინისტრაციის ყურადღებას იქცევდა. განმცხადებელი კითხულობდა მიმართვის ტექსტს, მონაწილეობას იღებდა სატელევიზიო გადაცემებში, დებატებში, მათ შორის კომპანიის დირექტორის წინააღმდეგ და ახმოვანებდა ჯგუფის ინტერესებს. განმცხადებლის ახსნა-განმარტების თანახმად, მოლაპარაკებების პროცესში ადმინისტრაციის მხრიდან განსაკუთრებული წნეხი იყო მის მონაწილეობასთან დაკავშირებით და იყო მცდელობა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები მის გარეშე წარმართულიყო. ყოველი შეხვედრის შემდეგ ადმინისტრაციის პირობა იყო, რომ განმცხადებელს არ მიეღო მონაწილეობა მომდევნო შეხვედრაში. 2017 წლის 15 თებერვალს, სამსახურში დაგვიანების გამო განმცხადებელს დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა - გაფრთხილება. იმავე დღეს, განმცხადებელი გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან შრომითი ხელშეკრულებითა და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევების გამო. შპს „ბიბლუსის“ დირექტორის 2017 წლის 28 თებერვლის წერილში აღნიშნულია, რომ გ. კ.-მ „ბიბლუსის“ მიმართ მუქარის შემცველი, ავტორიტეტის შემლახავი, შეურაცხმყოფელი/არასათანადო ინფორმაცია გაავრცელა, რაც დასტურდება მტკიცებულებებით. გათავისუფლების შემდეგ, 2017 წლის 21 თებერვალს, განმცხადებელმა სცადა „ბიბლუსი გალერეაში“ შესულიყო როგორც მომხმარებელი, თუმცა კომპანიის წარმომადგენელმა ის შენობაში არ შეუშვა. შენობაში შეღწევიდან რამდენიმე წუთში მას ობიექტის დაცვის თანამშრომელმა შენობის დატოვება მოსთხოვა.

დაცვის თანამშრომელმა განმცხადებელს განუმარტა, რომ მისმა „საქციელმა, გამოიწვია ძალიან დიდი არეულობა, [...] აურზაური, ხმაური, არეულობა...“ და ამდენად, „ზემდგომმა ხელმძღვანელებმა ჩათვალეს საჭიროდ [...], რომ [განმცხადებელს] არ აქვს შემოსვლის უფლება“; ის არის „არასასურველი და მიუღებელი სტუმარი“ და დაცვა გაფრთხილებულია, რომ განმცხადებელი „კატეგორიულად არ დაუშვან“  „ბიბლუსი გალერეას“ ტერიტორიაზე“.

რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ განმცხადებლის მიერ საჯაროდ საუბარი შპს „ბიბლუსში“ არსებულ შრომის პირობებზე, მიუხედავად იმისა, შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს და იყო თუ არა შეურაცხმყოფელი, დაცული არის განმცხადებლის გამოხატვის თავისუფლებით. შესაბამისად, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განსხვავებული შეხედულებების გამო განმცხადებლისათვის „ბიბლუსის გალერეას“ ტერიტორიაზე შესვლისა და მომსახურების აკრძალვა და მინიჭებული უფლებებით სარგებლობით შეზღუდვა იყო არაპროპორციული ზომა, რომელიც არ ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს და შესაბამისად, არ არის გამართლებული.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ შპს „ბიბლუსის“ მხრიდან გ.კ.-ს მიმართ, 2017 წლის 21 თებერვალს, ადგილი ჰქონდა პირდაპირ დისკრიმინაციას განსხვავებული შეხედულებების ნიშნით.

განმცხადებლის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ წარმოადგენდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]