weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კომპანია „ფრესკო“ უხეშად ერეოდა ქალი თანამშრომლების ინტიმურ სფეროში - სახალხო დამცველი

13:13 ხუთშაბათი, 07 დეკემბერი 2017

საქართველოს სახალხო დამცველმა შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ კომპანია „ფრესკოს“ მიერ ქალი თანამშრომლების გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალით გაუმართლებლად მოხდა დასაქმებულ ქალთა პირადი ცხოვრებით დაცულ სფეროში ჩარევა.

სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ ქალებისათვის განკუთვნილ გასახდელებში ფარული ვიდეო კამერების არსებობის ფაქტის შესწავლასახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო.

შპს „ფრესკოს“ ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, სუპერმარკეტების ქსელის ყველა ფილიალის გასახდელ ოთახებში მიმდინარეობს ვიდეო მონიტორინგი, აღნიშნულ ოთახებში შესვლა კი შეუძლიათ მამაკაცებსა და ადმინისტრაციის ნებისმიერ წარმომადგენელს, მათ შორის, დაცვის უფროსსა და მის მოადგილეს, რომელთაც წვდომა აქვთ ვიდეო ჩანაწერებზე; ამასთან, ხელმძღვანელი პირები, სამსახურში არყოფნის დროს საცხოვრებელი ადგილიდანაც ახორციელებდნენ მონიტორინგს. შპს „ფრესკოს“ განმარტებით, ვიდეო კამერები მხოლოდ ქალი დასაქმებულების გამოსაცვლელ ოთახებში იყო დამონტაჟებული, უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით.

რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ გამოსაცვლელი ოთახი, სამუშაო ადგილზე, სხვა ოთახებიდან თუ საერთო სივრცისგან გამოყოფილია იმ მიზნით, რომ დაცული იქნეს ინდივიდის ინტიმური სფერო და არ მოხდეს მისი ნების საწინააღმდეგოდ სხეულის სრულად თუ ნაწილობრივ წარმოჩენა სხვა პირების თანდასწრებით, მათი სქესის მიუხედავად. აღნიშნულის შესაძლებლობა არ ჰქონდათ შპს „ფრესკოში“ დასაქმებულ ქალებს, ვინაიდან ხდებოდა მათი თითოეული მოქმედების კონტროლი სამუშაო ადგილზე ყოფნის პერიოდში.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ დასახელებული მიზანი ვერ იქნება მიჩნეული ლეგიტიმურად, ვინაიდან არსებული პრაქტიკა დასაქმებულ ქალებს უქმნიდა შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ გარემოს, გაუმართლებლად ახდენდა მათი პირადი სივრცის კონტროლს და უხეშად ერეოდა ინტიმურ სფეროში. კომპანიის მსგავსი მიდგომა კი წარმოაჩენს ქალი თანამშრომლების მიმართ უპატივცემულო, ღირსების შემლახავ დამოკიდებულებას, რომელიც არაჯანსაღ სამუშაო გარემოს ქმნის და აძლიერებს გენდერულ უთანასწორობას. 

სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ შპს „ფრესკოს“ მხრიდან ქალი დასაქმებულების მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაციას და მოუწოდა კომპანიას, რომ დასაქმებულ პირებს შეუქმნას ადამიანის ღირსებისათვის შესაბამისი სამუშაო გარემო.

აღსანიშნავია, რომ შპს „ფრესკოს“, ქალი თანამშრომლებისათვის განკუთვნილ გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალის წესების დარღვევისათვის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დააკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით 2000 ლარის ოდენობით და დაავალა ვიდეოთვალთვალის განხორციელების შეწყვეტა, ასევე, მოპოვებული ჩანაწერების სრულად განადგურება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]