weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2024

ახალქალაქში პოლიციის წინააღმდეგ მეორე დღეა საპროტესტო აქციები იმართება

18:12 პარასკევი, 08 დეკემბერი 2017

ახალქალაქში, მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან 100-მდე ადამიანი მეორე დღეა ადგილობრივი პოლიციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავს. აქციის მონაწილეები პოლიციაში მოქალაქეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების უსაფუძვლოდ დაბარების, არაფორმალური გასაუბრების პრობლემურ პრაქტიკას და სამართალდამცავების მხრიდან მუქარის შემთხვევებს აპროტესტებენ.

„მე რუსეთში დავდივარ სამუშაოდ. ყოველ ჯერზე, როდესაც სახლში ვბრუნდები, ახალქალაქში მომხდარი სხვადასხვა დანაშაულის თაობაზე პოლიციაში მიბარებენ და დაკითხვას მიწყობენ. მე ამ დანაშაულებთან არაფერ შუაში ვარ, მაგრამ თავს არ მანებებენ“, - უთხრა ადგილობრივინტერნეტ-გამოცემა Jnews-ს აქციის მონაწილე დავით მანუკიანმა. 

Jnews-ის რედაქტორის რიმა ღარიბიანის თქმით, იგივე პრობლემით რედაქციას 6 დეკემბერს კიმ კუგოიანმა მიმართა, რომელიც აქციის ერთ-ერთი მონაწილეა. 26 წლის კიმ კუგოიანის თქმით, 5 დეკემბერს, პოლიციის თანამშრომლებმა ახალციხეში წაიყვანეს და მიუხედავად იმისა, რომ საეჭვო ვერაფერი იპოვეს, ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი დაჭერით დაემუქრნენ. 

„საღამოს წამიყვანეს და სადღაც ღამის 3-4 საათზე გამომიშვეს. წამიყვანეს იმის მიუხედავად, რომ წასვლა არ მინდოდა. მითხრეს, რომ სალაპარაკო ჰქონდათ, მანქანაში უნდა ჩავმჯდარიყავი და 15 წუთში გამომიშვებდნენ, მაგრამ დალაპარაკების შემდეგ ახალციხეში წამიყვანეს და ნარკოტიკებზე შემამოწმეს. მითხრეს, რომ 48 საათს მაძლევდნენ საქართველოდან წასასვლელად, თუ არადა საქმეს „შემიკერავდნენ“. შეიძლება ასეთი დამოკიდებულების მიზეზი ის არის, რომ ახალგაზრდობაში ჩხუბისთვის ვარ ნასამართლევი. 3-4 წლის წინ ქალაქში ქურდობა მოხდა. მაშინაც მე და ჩემი მეგობრები წაგვიყვანეს ახალციხეში, გვცემეს, საქმე შეთითხნეს, თითქოს პოლიციელებს წინააღმდეგობას ვუწევდით და უცენზურო სიტყვებს ვამბობდით. გაგვასამართლეს, 500 ლარით დაგვაჯარიმეს და გამოგვიშვეს“, - ციტირებს კიმ კუგოიანის კომენტარს ადგილობრივი გამოცემა. 

საპროტესტო აქციის მონაწილეები დღეს ახალქალაქის მერს, იურიკ უნანიანს შეხვდნენ იმ მიზნით, რომ მერმა მთავრობას ინფორმაცია მიაწოდოს და პოლიციის მხრიდან მოქალაქეთა უფლებების დარღვევის ფაქტები შეწყდეს. 

მერის განცხადებით, ის სერიოზულ პრობლემას ვერ ხედავს და პოლიცია თავის სამუშაოს ასრულებს. „მათი პროტესტი მდგომარეობს იმაში, რომ ვითომ ის (კიმ კუგოიანი) ახალციხეში ძალიან ხშირად მიჰყავთ ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით და ექსპერტიზით სურთ დააზუსტონ, არის თუ არა ნარკოტიკების მომხმარებელი. მათი ჩივილია, რომ თავი დაანებონ და არ შეაწუხონ ყოველ ჯერზე. არ ვიცი რამდენად შეესაბამება სიმართლეს მათი ნათქვამი, მაგრამ თუ ასეთი ფაქტი არსებობს, მაშინ აუცილებელია გამოძიების დაწყება, რომელშიც ორივე მხარე მიღეს მონაწილეობას და ჭეშმარიტება დადგინდება“, - განაცხადა მერმა. 

აქციის მონაწილეები მთავარი პროკურატურისთვის მიმართვას გეგმავენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ახალქალაქში ქურდობის ფაქტები გახშირდა, რომელთა უმეტესობა გამოუძიებელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]