weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

როდის და რა წესით მოხდება ავტომანქანების ტექდათვალიერება

14:16 შაბათი, 09 დეკემბერი 2017

2018 წლის 1 იანვრიდან ეტაპობრივად გახდება სავალდებულო ავტომანქანების ტექდათვალიერება (ტექნიკური ინსპექტირება). რომელი კატეგორიის ავტომანქანებისთვის როდიდან წარმოიშობა ტექდათვალიერების გავლის ვალდებულება და როგორი იქნება მისი საფასური და პროცედურები, რა სანქციები მოყვება ამ ვალდებულების შეუსრულებლობას. გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას კითხვა-პასუხის ფორმით. 

  • როდიდან გახდება სავალდებულო ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირება? 

ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყება და ეტაპობრივად განხორციელდება.
- პირველ ეტაპზე დაიწყება იმ ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების პროცესი, რომლებიც, დღესაც სავალდებულო შემოწმებას ექვემდებარებიან. ესენია: სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3.5ტონის ზემოთ) ავტომობილები.
- 2018 წლის 1 ივლისიდან ინსპექტირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები.
- 2018 წლის 1ოქტომბრიდან - დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილები (3.0 ძრავით და ზემოთ);
- 2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით - ინსპექტირებას გაივლის საქართველოს დანარჩენი ავტოპარკი. 

  • როგორ უნდა გაიგოს ავტომანქანის მესაკუთრემ კონკრეტულად მისი ავტომანქანის ტექინსპექტირების დრო? 

რაც შეეხება ინსპექტირების კონკრეტულ თარიღს, ანუ რომელი კატეგორიის მანქანები რა ვადაში გაივლიან ინსპექტირებას, შესაბამისი გრაფიკი გაწერილი იქნება ავტომანქანების რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვის) მიხედვით. უფრო კონკრეტულად, ავტომანქანის მფლობელმა უნდა ნახოს სარეგისტრაციო მოწმობაში მანქანის გამოშვებისა და რეგისტრაციის თარიღი. რეგისტრაციის თარიღი (თვე) არის მისი ავტომანქანისთვის ტექნიკური ინსპექტირების გავლის ბოლო ვადა. მაგალითად, თუ ავტომობილის რეგისტრაციის თარიღია 2009 წლის აგვისტო, მისთვის ტექნიკური ინსპექტირების ბოლო ვადა ტექდათვალიერების დაწყებიდან აგვისტომდე იქნება. 

აღსანიშნავია, რომ მფლობელს შეეძლება საკუთარი ავტომანქანა ქვეყნისნების მიერ რეგიონსა თუ ქალაქში შეამოწმებინოს.

ამასთან, ამოქმედდება ცხელი ხაზი ნომრით - 1484. ასევე შეიქმნება ვებ-გვერდი, რომლის საშუალებითაც პირს შეეძლება მისთვის სასურველ ტესტირების ცენტრში ვიზიტი დაგეგმოს.

  • რა პერიოდულობით უნდა მოხდეს ავტომანქანის ტექინსპექტირება? 

საქართველოში იმოქმედებს საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული წესი. კერძოდ, 4 წლამდე ავტომანქანებისთვის ინსპექტირება არ იქნება საჭირო, 4-დან 6 წლამდე ავტომანქანებისა - ორ წელიწადში ერთხელ, 6-დან 8 წლამდე - ორ წელიწადში ერთხელ, ხოლო 8 წლის ზემოთ ასაკის ავტომანქანებისთვის - ყოველწლიურად. 

  • რა ეღირება ავტომანქანების ტექინსპექტირება? 

მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების - 100 ლარი ეღირება. თანხის გადახდა მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით მოხდება. 

  • რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანის ტექნიკური მდგომარეობა? 

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლისას ავტომობილმა 7 ძირითადი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს. კერძოდ, ეს მოთხოვნებია - მუხრუჭები, საჭის მართვის სისტემა, ხილვადობა, ფარები, ღერძულა, შასი და მისი შემადგენლები და გამონაბოლქვი. რაც შეეხება მავნე გამონაბოლქვს, ნებისმიერი ავტომობილისთვის, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მას კატალიზატორი, იმოქმედებს გამონაბოლქვის მაქსიმალური დასაშვები ნორმა, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს გამართული წვის სისტემის მქონე ავტომობილმა.

  • რა შედეგი მოყვება ინსპექტირებისას ავტომანქანის ტექნიკურ გაუმართაობას? 

თავდაპირველად, ყველა ავტომფლობელს, რომლის სატრანსპორტო საშუალებასაც აღმოაჩნდება ისეთი ხარვეზი, რაც ეწინააღმდეგება დადგენილ მოთხოვნებს, მიეცემა გონივრული ვადა (არაუმეტეს 1 თვე) პრობლემის მოსაგვარებლად.
ამასთან, გამკაცრდება ინსპექტირების მოწმობის არქონის შემთხვევაში არსებული საჯარიმო სანქციები. უფრო კონკრეტულად, ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 10 ლარის ნაცვლად იქნება 50 ლარი, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 100 ლარის ნაცვლად 200 ლარი. 50-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება იმ მძღოლსაც, რომელიც მართავს სხვის ავტომობილს.

  • არსებობს თუ არა განსხვავებული წესი მარჯვენასაჭიან ავტომანქანებზე? 

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დაწყების ეტაპიდან საჭის გადატანა აიკრძალება. რაც შეეხება უკვე საჭეგადატანილ ავტომობილებს, ასეთი ავტომობილებიც ისევე გაივლიან ტექნიკურ ინსპექტირებას, როგორც სხვა ნებისმიერი, თუ ისინი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პარამეტრებს დააკმაყოფილებენ. ამასთან, მარჯვენასაჭიან ავტომობილებს არავითარი დამატებითი სირთულეები არ შეექმნებათ. მათ მოუწევთ მხოლოდ მაშუქი ფარების დახრილობისა და სინათლის ნაკადის მიმართულების ცვლილება.  

  • როგორია მართვის მოწმობების მოქმედების ვადა და როდემდე უნდა მოხდეს მათი შეცვლა? 

- 2006 წლის 1 აპრილამდე აღებულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის 1-ელ იანვარს ეკარგება, შესაბამისად, მისმა მფლობელემა დოკუმენტი უნდა შეცვალონ.
- თუ A, B, BE, T, S, A1 და B1 კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობა 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდეა აღებული, მას მოქმედების იურიდიული ძალა 2028 წლის 1 სექტემბრამდე შეუნარჩუნდება, შემდეგ კი განახლებაა აუცილებელი. 
- 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე გაცემულ C, CE, D, DE, C1,E D1 და D1E კატეგორიების(ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს ძალა 2018 წლის 1 სექტემბრამდე შეუნარჩუნდებათ. 
2014 წლიდან დაბეჭდილ მართვის მოწმობებში მოქმედების კონკრეტული ვადა იწერება, რომლის ამოწურვის შემდეგ დოკუმენტი უნდა განახლდეს.

მართვის მოწმობის განახლებისთვის გამოცდის ხელახლა ჩაბარება არ არის სავალდებულო. ამისთვის საჭიროა მხოლოდ 15 ლარის გადახდა და ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]