„ქალები ვერ გამოდიან გარეთ, ვერ გადაადგილდებიან მარტო. ან უნდა იარონ ვინმესთან ერთად ან უნდა ისარგებლონ ტაქსის სერვისით. ეს ძალიან აფერხებს ქალების ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და ჩვენ გვინდა, რომ ქუჩა დღისითაც და ღამითაც იყოს უსაფრთხო“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ბაია პატარაიამ.
აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე, მიწისქვეშა გადასასვლელთან შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, ამ გადასასვლელის რეაბილიტაცია უკვე დაიწყო, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები ზოგად პრობლემატიკაზე საუბრობენ მაშინ, როცა მნიშვნელოვანია, რომ მიწისქვეშა გადასასვლელების უსაფრთხოების საკითხს მხოლოდ სანიტარული დატვირთვა არ მიეცეს. ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი მოითხოვს, რომ სათანადო ყურადღება მიექცეს ამ საკითხის მნიშვნელობას სწორედ ქალთა მიმართ ძალადობის კონტექსტში. ასევე, დაუყოვნებლივ მოწესრიგდეს განათებების პრობლემა ყველა მიწისქვეშა გადასასვლელში და მოხდეს უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება.
„არ დავთმოთ ღამე“ საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც 1970–იანი წლებიდან იღებს სათავეს და მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად იმართება. მისი მიზანია სექსუალური ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მისი აღმოფხვრა. საქართველოში აქცია/მსვლელობა ქალებისთვის 2016 წლიდან ტარდება.