მისივე თქმით, 6 ტელესკოპზე გათვლილი ობსერვატორია ძირითადად სასწავლო-საგანმანათლებლო დანიშნულების იქნება. დაინტერესებული პირებისთვის ჩატარდება ტრენინგები, შესაძლებელი იქნება სკოლებიდან ექსკურსიების მიღებაც.
„ერთი წელია რაც საკუთარ სახლში, თბილისში, სახლის სახურავზე მოვაწყე მინიობსერვატორია და იქიდან ვიღებდი, ვაწარმოებდი, ვსწავლობდი, ლიტერატურა გამოვიწერე, ფორუმებზე ვმონაწილეობდი იმისთვის, რომ ცოდნა დამეგროვებინა. ერთი წლის შემდეგ ჟურნალმა „National Geographic“ აიღო ინტერვიუ და გამოქვეყნდა ჩემი ფოტოები. სწორედ იმ ინტერვიუში გამოვთქვი სურვილი, რომ გამიხარდებოდა, თუ თანამოაზრეები გამომიჩნდებოდნენ და ისინიც გამოჩნდნენ. ასტროფოტოგრაფია, თვითონ სიტყვა მოიცავს უკვე იმას, რომ ის არ არის კონკრეტული ერთი და ზღვარზეა ამ ორი საქმიანობის - ეს არის ასტრონომიაც და სრულფასოვანი ფოტოგრაფია. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ავაშენოთ საქართველოში პირველი კერძო ობსერვატორია. უკვე პრაქტიკულად ყველა დოკუმენტი შეთანხმებულია და თვის ბოლოს დავიწყებთ მშენებლობას. ამ საკითხს ჩვენ ვუყურებთ რამდენიმე კუთხით. ეს იქნება 6 ტელესკოპზე გათვლილი სისტემა, რომელსაც ექნება საგანმანათლებლო ფუნქცია, ჩატარდება ტრენინგები. გვინდა, ბავშვებმა საკუთარი თვალით ნახონ, როგორ გამოიყურება მაგალითად სატურნი, ორიონის ნისლეული და სხვა ასტრონომიული ობიექტები. ობსერვატორიას მრავალმხრივი ფუნქცია უნდა ჰქონდეს“,- განაცხადა დავით დვალმა.
მისივე თქმით, ობსერვატორიის მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება.