„მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა ახლა ჭართალში მიმდინარეობს და ხანდოს ხეობისკენ მოდიან. ჩვენ შორის დაშორება 8 კილომეტრია. დაახლოებით ერთი თვის წინ, ჭართალში მშენებლობის შეჩერება შევძელით, მაგრამ ისევ განაახლეს. ანძებს იქაც, მთაზე, პირდაპირ საცხოვრებელი სახლების თავზე დგამენ. მათ ბაღებსა და ნაკვეთებზე გადაჰყავთ. ადგილობრივები წინააღმდეგები არიან, მაგრამ მაინც აკეთებენ. ამიტომ ჩავდივართ და ვეხმარებით ჭართლელებს. ჩვენ ვითხოვთ, რომ ელექტროგადამცემი ხაზი დგნალის ხევიდან არაგვის მოპირდაპირე მხარეს გადავიდეს, რომ საცხოვრებელი სახლებიდან დაშორებული იყოს და რადიაციით გამოწვეული დაავადებების გავრცელების რისკები მაქსიმალურად შემცირდეს. ენერგეტიკის მინისტრის განცხადება, რომ ელექტროგადამცემი ხაზები მოსახლეობიდან 150 მეტრის დაშორებით შენდება და მხოლოდ ერთ ადგილას არის 40-მეტრიანი დაშორება, არის სიცრუე. ამოვიდეს კახა კალაძე და ნებისმიერი სახლიდან გაზომოს მანძილი“, - უთხრა „რეგინფოს“ აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა ბადრი დავითურმა.
ხაზის მშენებლობის მარშრუტი რომ შეიცვალოს და დასახლებულ პუნქტებს დააშორონ, ამ მოთხოვნით უკვე რამდენჯერმე გაიმართა აქციები სნოს ხეობაში, ფასანაურში, ხანდოს ხეობასა და თბილისში. ხანდოს ხეობაში აქციაში 150-მდე ადამიანი მონაწილეობდა, მაგრამ ადგილზე მობილიზებული იყო ათობით პოლიციელი და სპეცრაზმი. აქციის 6 მონაწილე პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა. მცხეთის სასამართლომ ისინი 400-400 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა. ენერგეტიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ხანდოში მშენებლობა მეთოდოლოგიის შესწავლის მიზნით, ერთი კვირით შეჩერდა.
ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის წინააღმდეგ ხალხს „დაჯგუფება მწვანე ალტერნატივა“ აბუნტებს. მისივე თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და სტრატეგიულ პროექტს ვერავინ შეაჩერებს.
500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი პროექტის მიხედვით მთიულეთის და ხევის ტერიტორიაზე გადის. ხაზი რუსეთის ენერგოსისტემასთან დაკავშირების მიზნით შენდება. მშენებლობის პროექტს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, „ენერგოტრანსი“ და ფინურ-ინდური კონსორციუმი - ELEL-EMC-ს ახორციელებს. პროექტს გერმანიის განვითარების ბანკი 25 მილიონი ევროთი აფინანსებს.