პროექტი ობსერვატორიის ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, მათ შორის საბაგირო გზის და ვაგონის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
„დაგეგმილია დიდი ტელესკოპის AZT-11-ის სამსართულიანი ტერასული შენობის რეაბილიტაცია. პირველ სართულზე განთავსდება ვიზიტორთა ცენტრი საგამოფენო სივრცითა და ობსერვატორიის ვირტუალური ლაბორატორიით. აქვე მოეწყობა მცირე კაფე და საპირფარეშოები. შენობა უზრუნველყოფილი იქნება წყალსადენ-კანალიზაციის, სავენტილაციო და გათბობის სისტემებით. მოეწყობა ინტერნეტქსელი. პროექტით განსაზღვრულია AZT-11-ის შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა - დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენა, ბორდიურების შეცვლა და ავტოსადგომის მოწყობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ შადრევანს. მოეწყობა გარეგანათება, დაიდგმება სანაგვე ურნები; AZT-11-ის შენობის გვერდით არსებული ყოფილი ფოსტის შენობის პირველ სართულზე მოეწყობა საერთო სარგებლობის საპირფარეშო შვიდ წერტილზე, მათ შორის ერთი შშმ პირებისთვის“ - აღნიშნულია სატენდერო წინადადებაში.
ტენდერი, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა 14 დეკემბერს გამოაცხადა, 2018 წლის 15 იანვარს დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ ობსერვატორიის რეაბილიტაცია 12 თვეში უნდა დაასრულოს. რეაბილიტაციის პროექტი მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განხორციელდება.
აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ობსერვატორია 1932 წლის 28 თებერვალს, პროფესორ ევგენი ხარაძის თაოსნობით დაარსდა და პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორიაა ყოფილ საბჭოთა კავშირში.