weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სირიაში პანკისელი გიორგი მარგოშვილი (ფეიზულა კუშტანაშვილი) დაიღუპა

12:41 ორშაბათი, 18 დეკემბერი 2017

სირიაში, საქართველოს მოქალაქე, პანკისის ხეობის მკვიდრი, 1978 წლის 7 დეკემბერს დაბადებული გიორგი მარგოშვილი (იგივე ფეიზულა კუშტანაშვილი) დაიღუპა. ოჯახის წევრებმა მისი გარდაცვალება დაადასტურეს და სოფელ დუისში სამძიმარს იღებენ. გიორგი მარგოშვილს პანკისში მშობლები, ძმა და სამი შვილი დარჩა. მისი მეუღლეც სირიაშია.

გიორგი მარგოშვილი ლაფანყურის სპეცოპერაციის მონაწილეა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ის ერთ-ერთი წევრი იყო 2012 წლის აგვისტოს ბოლოს ლოპოტას ხეობაში შესული 17 კაციანი შეიარაღებული ჯგუფისა, რომელიც დაღესტანში გადასვლას ცდილობდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ჯგუფის 7 წევრის ლიკვიდაცია განხორციელდა, 10 კი ცოცხალი გადარჩა. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი მანსურ შუდინოვი თავის ჩვენებაში, რომელიც მან სოციალურ ქსელებში გაავრცელა, ამბობს, რომ სწორედ ფეიზულას ევალებოდა ლოპოტას ხეობიდან შეიარაღებული ჯგუფის საქართველო-დაღესტნის საზღვრამდე მიყვანა. ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ, შეიარაღებული ჯგუფის ცოცხლად გადარჩენილმა წევრებმა საქართველოს ტერიტორია ვალეს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს ხელისუფლების დახმარებით დატოვეს და თურქეთში გადავიდნენ. ჯგუფის რამდენიმე წევრი 2013 წელს სირიაში გადავიდა და სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო.

ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი მარგოშვილი (იგივე სალაჰუდინ შიშანი) სირიაში დაჯგუფება „ჯეიშ-ალ-მუხაჯირინ ვალ-ანსარ“-ს სათავეში 2013 წლის ბოლოს ჩაუდგა, მას შემდეგ, რაც მისი ყოფილი მეთაური აბუ უმარ ალ-შიშანი (თარხან ბათირაშვილი) თავის მებრძოლების ნაწილთან ერთად ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა და ჩრდილოეთის ფრონტის მეთაურად დაინიშნა. 2015 წლის სექტემბერში YouTube-ში გავრცელდა ვიდეომიმართვა, სადაც სალაჰუდინ შიშანი საკუთარ თავს და მხარდამჭერებს სირიაში „კავკასიის ემირატის“ მუჯაჰედებს უწოდებდა.

2015 წლის ოქტომბერში სალაჰუდინ შიშანი და მისი მომხრეები გამოეყვნენ „ჯეიშ-ალ-მუხაჯირინ ვალ-ანსარს“. დაჯგუფებაში დარჩენილი მებრძოლები, ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიელები, შეუერთდნენ „ჯებჰატ ალ ნუსრას“, რომელიც როგორც სირიის ხელისუფლების, ისე ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძვის.

სირიაში ყოფნის პერიოდში გიორგი მარგოშვილმა პანკისიდან მეუღლეც წაიყვანა.

პანკისის სათემო რადიოს მონაცემებით, სირიაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 26 პანკისელი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]