„საავადმყოფოში მიყვანისთანავე ბავშვები რეანიმაციაში მოათავსეს, რადგან მწვავე მუცლის ტკივილი ჰქონდათ. პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, გამოკვლევები ჩაუტარდათ და 4 ბავშვი სახლში გაწერეს. ერთი მოსწავლე კი საავადმყოფოში რჩება პროფილაქტიკის მიზნით. სკოლაში ბუფეტი არ გვაქვს. ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა სასმელმა წყალმა გამოიწვია ეს პრობლემა. წყალს ჭიდან ვიღებთ. შემოწმებული იყო და მაშინ დარღვევები არ გამოვლინდა“, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა.
სკოლაში სასმელი წყლის ხარისხს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები შეამოწმებენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2015–2016 წლებში სააგენტომ საჯარო სკოლებიდან აღებული სასმელი წყლის 129 სინჯი გამოიკვლია და 45 სინჯი არ შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N58 დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს, რაც სასმელი წყლის ეპიდემიოლოგიურ არაკეთილსაიმედოობაზე მიუთითებს და წყლის არაეფექტური გაუსნებოვნებით არის გამოწვეული.
2016 წლის ბოლოს, საქართველოს სახალხო დამცველმა მოუწოდა განათლებისა და მეცნიერების, აგრეთვე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების შესაბამის სტრუქტურებს, რათა ქვეყნის ყველა სკოლაში სათანადო რეგულარობით შემოწმდეს წყლის ხარისხი და მიღებული იქნეს ყველა საჭირო ზომა საჯარო სკოლებში წყალმომარაგების მილსადენი სისტემების შეყვანის, წყლის ხარისხის შემოწმებისა და წყლის გაუვნებელყოფის უზრუნველსაყოფად.