weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პანკისში აიუფ ბორჩაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

15:39 სამშაბათი, 19 დეკემბერი 2017

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, ტერორიზმის ხელშეწყობაში მსჯავრდებული ყოფილი იმამის, აიუფ ბორჩაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში 40-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

აიუფ ბორჩაშვილის დედის მარიამ ბორჩაშვილის თქმით, ის პირი, ვინც პანკისიდან სკოლის მოსწავლეები, 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილი სირიაში გაგზავნა, თავისუფალია, მისი შვილი კი მხოლოდ იმიტომ დააპატიმრეს, რომ თარხან ბათირაშვილთან მეგობრობდა.

აქციის მონაწილეები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ, აიუფ ბორჩაშვილის გათავისუფლება თუ ვერ მოხდება, სასჯელი მაინც შეუმსუბუქონ, რადგან ის 9 შვილის მამაა და მათივე განმარტებით, საქართველოს საზიანოდ არაფერი ჩაუდენია.

36 წლის აიუფ ბორჩაშვილი და მასთან ერთად კიდევ 3 პირი კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა 2015 წლის 14 ივნისს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აიუფ ბორჩაშვილი არის ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი საქართველოში. იგი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით მოქალაქეების გადაბირებას ახდენდა და შემდგომში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, სირიაში მათ გამგზავრებას უზრუნველყოფდა. აიუფ ბორჩაშვილს ბრალი ედება სკოლის მოსწავლეების გადაბირებასა და სირიაში გაგზავნაშიც. 2016 წლის 7 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აიუფ ბორჩაშვილი დამნაშავედ სცნო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პანკისში დღეს გამართულ აქციაში ტერორიზმის ხელშეწყობაში მსჯავრდებული, ჯოყოლოს მკვიდრის, 30 წლის დავით ბორჩაშვილის ოჯახის წევრებიც მონაწილეობდნენ.

დავით ბორჩაშვილის დედის განცხადებით, სტამბოლიდან დეპორტირებული ბორჩაშვილი თბილისში მან ჩამოიყვანა, 2015 წლის 20 ნოემბერს, რადგან მის შვილს ოპერაცია სჭირდებოდა. აეროპორტში დავით ბორჩაშვილს საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს და რამდენიმე საათის შემდეგ, ისევ თურქეთში დააბრუნეს. 22 ნოემბერს, თურქმა სამართალდამცავებმა დავით ბორჩაშვილი კვლავ საქართველოში დააბრუნეს. ბორჩაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სისხლის სამართლის კოდექსის 328–ე მუხლით დააკავეს, რომელიც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას გულისხმობს. პროკურატურის მტკიცებით, დავით ბორჩაშვილი სირიის რესპუბლიკაში შეუერთდა ტერორისტული ორგანიზაციის  წევრებს და მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა შეიარაღებულ-საბრძოლო მოქმედებაში. ბორჩაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]