„განათლების პროცესში უმთავრეს როლს პედაგოგი ასრულებს. მასწავლებლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად ყველა პირობას შევქმნით, რომელიც ორიენტირებული იქნება არამხოლოდ თეორიაზე, არამედ პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე. პროფესიული განათლების მოტივაციის ამაღლების მიზნით, 2018 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზრდება წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატები. ამასთან, მინიმუმამდე დავიყვანთ ბიუროკრატიულ პროცედურებს, რათა მასწავლებლებმა დრო მთლიანად პროფესიულ განვითარებას დაუთმონ. ამავდროულად, პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში და კომპექსურად განხორციელდება პედაგოგთა კვალიფიკაციის მონიტორინგი, დაიხვეწება შიდა და გარე შეფასების მექანიზმები, რომელთა მიზანია საუკეთესოთა გამოვლენა და სათანადო დაფასება“, - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
დღეს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა იმართება. სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მიერ ნდობის მისაღებად წარმდგენილი მთავრობის განახლებული შემადგენლობის სამთავრობო პროგრამა „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ განიხილება.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიხეილ ჩხენკელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად 13 ნოემბერს დანიშნა. მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე პარლამენტი 21 დეკემბერს იმსჯელებს.