აქციის მონაწილეებმა მსვლელობა სტალინისსახლ-მუზეუმიდან დაიწყეს. ისმოდა შეძახილები „არა ნატოს“ და „კი რუსეთს! გვინდა რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა!“. მათ გორის მერიისა და საქართველოს მთავრობისგან გორის ცენტრში სტალინის ძეგლის დადგმა მოითხოვეს.
„თუ 9 მაისამდე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ამ მოთხოვნას არ შეასრულებთ, ჩვენ დავიწყებთ საპროტესტო გამოსვლებს, რადგან სხვა გზა აღარ გვრჩება. არაერთხელ მოგიწოდეთ, მათ შორის ხელმოწერებიც მოგიტანეთ და კეთილი ინებეთ და აღასრულეთ ხალხის ნება“, - განაცხადეს აქციაზე.
იოსებ სტალინის მშობლიურ ქალაქში მის იუბილეს კომუნისტური პარტიის წევრები და „სტალინელები“ ყოველწლიურად აღნიშნავენ. ბოლო წლებში მათი მთავარი მოთხოვნა სტალინის ძეგლის აღდგენაა, რომლის დემონტაჟიც 2010 წელს მოხდა.
იოსებე ბესარიონის ძე ჯუღაშვილი (სტალინი) 1878 წლის 21 დეკემბერს დაიბადა. სწავლობდა ჯერ გორის, შემდეგ კი თბილისის სასულიერო აკადემიაში, საიდანაც ის მარქსისტული იდეების პროპაგანდისთვის გარიცხეს. ცენტრალური კომიტეტის მდივნად იოსებ ჯუღაშვილი 1922 წელს რამდენიმე გადასახლებისა და აქტიური ბოლშევიკური მოღვაწეობის შემდეგ აირჩიეს. 1935-38 წლებში მის მიერ გატარებულ რეპრესიებს მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა. მის დამსახურებას მიაწერენ მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერის არმიის დამარცხებას. მინიჭებული აქვს გენერალ სიმუსისა და საბჭოთა კავშირის გმირის წოდებები. სტალინი 1953 წელს გარდაიცვალა. ის მოსკოვში, კრემლის გალავათან არის დასაფლავებული.