„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე ტელეკომპანია „იბერიის“ გადაცემაში „ცენზურის გარეშე“, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საბჭოს წევრს, ეკა წამალაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.მომხდარზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა.გამოძიება ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით“, - განაცხადეს შს სამინისტროში.
მომხდარს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაც გამოეხმაურა: „ამ შემთხვევას გარკვეული სპეკულაციები მოყვა. სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო სისტემა არის ჩვენი უმთავრესი ფასეულობა და რა თქმა უნდა, მსგავს შემთხვევბს, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის შესაბამისი რეაგირება მოყვება“. გიორგი გახარიას თქმით, გამოძიება უკვე დაწყებულია და ჯერჯერობით 126-ე მუხლით მიმდინარეობს, თუმცა შეიძლება გადაკვალიფიცირდეს.
მისივე განცხადებით, სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ ვალდებულება, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა ყველა მოქალაქის წინაშე.