weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საბავშვო ბაღებში გადასახადის შემოღება უთანასწორობას გააღრმავებს - UNICEF

15:38 ორშაბათი, 25 დეკემბერი 2017

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საბავშვო ბაღები შეძლებული ოჯახებისთვის შესაძლოა ფასიანი გახდეს. გაეროს ბავშვთა ფონდი შიშობს, რომ გადასახადების შემოღება კიდევ უფრო გააღრმავებს უთასწორობას შეძლებულ და ღარიბ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს შორის.

იუნისეფის კვლევების თანახმად, საქართველოს ბავშვების თითქმის ნახევარს არ მიუწვდება ხელი სკოლამდელ განათლებაზე. უთანასწორობა განსაკუთრებით აისახება სოფლად და სიღარიბეში მცხოვრებ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ბავშვებზე, რომელთა ბაღებში დასწრების მაჩვენებელი გაცილებით დაბალია. 

„ყველა ბავშვი, განსაკუთრებით კი სოციალურად დაუცველი ბავშვები, უნდა სარგებლობდეს უფასო, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ადრეული და სკოლამდელი განათლებით. იუნისეფი შიშობს, რომ გადასახადების შემოღება კიდევ უფრო გააღრმავებს უთასწორობას ქალაქად და შეძლებულ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებსა და სოფლად და ღარიბ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს შორის.

იუნისეფი მიიჩნევს, რომ ადრეულ ასაკში განათლებას „გამათანაბრებელი“ პოტენციალიც აქვს და გადასახადების შემოღებამ შესაძლოა, საწინააღმდეგო დინამიკა შექმნას. ფასის დაწესებით, საჯარო ბაღებზე გავლენას მოახდენს საბაზრო ძალები, რომელიც უპირატესობას ანიჭებს საზოგადოების მდიდარ ფენას და გამორიცხავს უფრო ღარიბებს. 

კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ უზრუნველყოფს უფასო, საყოველთაო და ხელმისაწვდომ სკოლამდელ განათლებას ყველა ბავშვისთვის და აწესებს ეროვნულ სტანდარტებს და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის წესს“, - აცხადებენ იუნისეფში.

ფონდში მიიჩნევენ, რომ კანონის განხორციელებისთვის საჭიროა სკოლამდელი განათლების სექტორში ინვესტიციების გაზრდა, მუნიციპალური ხელისუფლებების გაძლიერება, ადრეული განათლების სფეროს მასწავლებლების მომზადებისა და მათი პროფესიული განვითარებისთვის  ხარისხიანი სატრენინგო პროგრამების ძლიერი სისტემის შექმნა.  

გაეროს ბავშვთა ფონდი ადასტურებს მზადყოფნას, გააგრძელოს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის განხორციელების მიზნით.

22 დეკემბერს პარლამენტში გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საბავშვო ბაღებში გადასახადის შემოღების საკითხს მთავრობაში უკვე განიხილავენ.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად გამოვნახავთ გზას, რომ ერთი მხრივ, დავაკმაყოფილოთ მზარდი მოთხოვნა საბავშვო ბაღებზე, მაგრამ, მეორე მხრივ, მოვნახოთ რაღაცნაირი მექანიზმები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ თუნდაც ძალიან შეძლებული ადამიანებისთვის, ეს არ უნდა იყოს 70 ათასი ქულა, ეს უნდა იყოს, შესაძლოა, უფრო მაღალი ბარიერი – ორჯერ, სამჯერ მაღალი ბარიერი, მაგრამ გარკვეული ტიპის ოჯახებისათვის, რომელთაც ყველანაირი საშუალება გააჩნიათ, რომ ბაღის გადასახადი გადაიხადონ,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]