„დაახლოებით ღამის სამ საათზე შემოგვივარდა სპეცრაზმი. ჩამათრიეს დაბლა. დაგვაწვინეს ამ ცივ ამინდში იატაკზე. გასროლის ხმა მომესმა. იძახდნენ - ერთი დაჭრილი გვყავსო. ზუსტად ვერ მივხვდი მამაჩემი იყო თუ ძმა. რომ ჩამიმიყვანეს დაბლა, მამა დაბლა დამხვდა, ძმა კი თვალით არ მინახავს. 3-დან 6 საათამდე გვატყუებდნენ, რომ გვანახებდნენ ძმას. ნუ ნერვიულობთო, კარგად არისო. 10 საათი რომ დაიწყო, წავიდნენ. ეხლა, როცა ოთახში შევედით სისხლი დაგვხვდა. ჩემი ძმა ტემირლან მაჩალიკაშვილია დაჭრილი. ოთახში ვყავდით ჩაკეტილები მე, დედა და ბებიაჩემი, მამა ცალკე იყო. ძმა თვალით არ გვინახავს როგორ წაიყვანეს. რა გახდა სროლის მიზეზი უცნობია, რადგან ჩემ ძმას იარაღი არ ჰქონია და მძინარეს დაადგნენ“, - უთხრა ნატა მაჩალიკაშვილმა პანკისის სათემო რადიოს.
მისივე თქმით, ოჯახის წევრებმა არ იციან რა გახდა სპეცოპერაციის ჩატარების მიზეზი. როგორც ნატა მაჩალიკაშვილი ამბობს, რამდენიმე საათიანი ჩხრეკის შედეგად სახლიდან არაფერი წაუღიათ.
„გვითხრეს, რომ ჩხრეკის უფლება ჰქონდათ. გვეკითხებოდნენ, ვინ გყავდათ ამ ბოლო დროს სტუმრადო. ვის გულისხმობდნენ არვიცი. მარტო მე კი არა, აქ სამეზობლოში სხვასაც დაადგნენ იარაღით. პატარა ბავშვები გვყავს და შეშინებულები ეხლაც ხმას ვერ იღებენ. პანიკაში არიან. გვითხრეს, გაიგებთო ყველაფერს, თქვენც დაგკითხავენო“, - ამბობს ნატა მაჩალიკაშვილი.
პანკისის სათემო რადიოს ადგილობრივებმა უთხრეს, რომ მაჩალიკაშვილის სახლიდან დაჭრილი საკაცეთი, დაახლოებით ღამის 4 საათზე გამოიყვანეს.
სპეცოპერაცია გვიან ღამით პანკისის ორ სოფელში დუისსა და ომალოში ჩატარდა. ტემირლან მაჩალიკაშვილის გარდა, დუისში დაკავებულია რუსლან ალხანაშვილი. ომალოში კი ბადურ ჩოფანაშვილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ამ დრომდე ინფორმაცია ვერ მივიღეთ.