weather cur horoscope tv
ოქტომბერი 16, 2021

ახმედ ჩატაევი საქართველოში კირნათი–მარადიდის მონაკვეთიდან შემოვიდა – სუს

14:53 სამშაბათი, 26 დეკემბერი 2017 hits 2769

საერთაშორისო ტერორისტთა სიაში მყოფი ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები საქართველოში თურქეთიდან, საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთით შემოვიდნენ, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერმა ნინო გიორგობიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

პრესკონფერენციას წინ უძღოდა, დღეს, გათენებამდე თბილისსა და პანკისის ხეობაში ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი.

„გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირებმა, უზრუნველყვეს ახმედ ჩატაევის და მისი თანამზრახველების ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, მათი დროებითი საცხოვრებელი მისამართიდან საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე, ხოლო შემდგომ დაეხმარნენ ამავე მონაკვეთით საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში. დაკავებულმა პირებმა ასევე უზრუნველყვეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების თბილისამდე ჩამოყვანა, დახმარება გაუწიეს ბინის ქირაობასა და იარაღის მოძიებაში.

სპეცოპერაციის დროს დაკავებული და გარდაცვლილი პირების მობილური ტელეფონებიდან ამოღებული მასალების შესწავლის შედეგად, დადგენილია იარაღის სამალავის კონკრეტული ადგილი. ამერიკელ კოლეგებთან ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად, აღნიშნული სამალავიდან ამოღებულია ავტომატის მჭიდები, ტყვიები, ზურგჩანთები, რუქები, დურბინდები, რაციები და სხვადასხვა მტკიცებულებები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ამოღებული ახმედ ჩატაევის კუთვნილი კომპიუტერიდან და სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობებიდან მოპოვებულია აუდიო ჩანაწერები.

ჩანაწერების მიხედვით, ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში. მათ მიზანს დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები წარმოადგენდა“, – განაცხადა ინო გიორგობიანმა.

პანკისში დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაჭრეს. ცეცხლნასროლი ჭრილობა მას თავის არეში აქვს. დაჭრილი თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციაშია  მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სუს–ის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]