"ამ ავტომანქანის შენახვის ხარჯები ყოველწლიურად იზრდება, რაც გაუმართლებლად აზარალებს აპარატის ბიუჯეტს. აქვე, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ 2016 წლის მარტში ამ ავტომანქანის შეძენას საზოგადოებისა და მედიის მხრიდან ხანგრძლივი უარყოფითი შეფასებები მოყვა", - განაცხადა ლომჯარიამ.
პროცედურის თანახმად, მომსახურების სააგენტო ავტომობილს აუქციონის წესით გაყიდის და მიღებულ თანხას ცენტრალურ ბიუჯეტს გადასცემს.
ლომჯარიას განცხადებით, საზოგადოების მაღალ ინტერესს წარმოადგენდა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მიერ დაწყებული სასამართლო დავების საკითხი. მისივე თქმით, ოთხივე თანამშრომელმა, რომლებმაც სარჩელი სახალხო დამცველის აპარატის წინააღმდეგ შეიტანეს, სარჩელის გამოხმობის გადაწყვეტილება მიიღეს, რასაც სახალხო დამცველი დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ მსგავსი კონსტრუქციული დამოკიდებულება ხელს შეუწყობს კეთილგანწყობილი სამუშაო გარემოს შექმნას.
სახალხო დამცველმა აღასრულა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და 2016 წელს გათავისუფლებული ი.ჭ. საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე აღადგინა.
მომდევნო თვის დასაწყისში სახალხო დამცველი საზოგადოებას ახალ მოადგილეებს წარუდგენს, რომლებიც ადმინისტრაციულ საკითხებთან ერთად კონკრეტულ სფეროებს უხელმძღვანელებენ.