სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული ტერორიზმთან კავშირშია მხილებული და თურქ სამართალდამცავებს ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან" მისი კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები აქვთ ამოღებული. სუს-ში აცხადებენ, რომ თურქეთის სამართალდამცავ უწყებებს ახმედ ჩატაევის ტელეფონიდან მოპოვებული მასალის საფუძველზე დაუკავშირდნენ.
„თურქი სამართალდამცველებისთვის გადაცემული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული იყო ახმედ ჩატაევის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან, რომელიც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინიდან ამოიღეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მჭიდროდ და აქტიურად თანამშრომლობს თურქ კოლეგებთან, ისევე როგორც სხვა პარტნიორი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებთან“, - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
თურქეთში, ტრაპიზონის პროვინციაში საქართველოს მოქალაქე ცოლ-ქმარის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. თურქული მედიის ცნობით, დაკავებულები ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“კავშირში არიან ეჭვმიტანილები. კონტრტერორისტული ოპერაცია ქალაქ ოფის მახლობლად ჩატარდა. გამოცემა „მილიეთი“ იუწყება, რომ დაკავებულების საცხოვრებლის ჩხრეკისას ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაცია ამოიღეს.