weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მუშამ, რომელიც კუთვნილი ხელფასის დარიცხვას ითხოვდა, თავი მოიკლა

14:03 პარასკევი, 29 დეკემბერი 2017
მუშამ, რომელიც კუთვნილი ხელფასის დარიცხვას ითხოვდა, თავი მოიკლა ფოტო © სამხრეთის კარიბჭე

ახალციხის მუნიციპალიტეტში, ვალეში, საბავშვო ბაღისა და კულტურის სახლის სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებულმა მუშამ თავი მოიკლა. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი ერთ-ერთია იმ მუშებს შორის, რომლებმაც ხელფასის დარიცხვის მოთხოვნით 27 დეკემბერს აქცია გამართეს.

39 წლის მამაკაცის ცხედარი ნაქირავებ ბინაში დღეს სხვა მუშებმა ნახეს. „სამხრეთის კარიბჭის“ ცნობით, ის დევნილი იყო და ვალეში სამუშაოდ რამდენიმე თვის წინ ჩავიდა.

კულტურის სახლისა და ბაგა–ბაღის სარემონტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ქრისტინე სარაშვილი“ ახორციელებს. კომპანიას მუშებისთვის ხელფასი ოთხი თვეა არ გადაუხდია.

„ოთხი თვეა, რაც აქ ვართ და ჩვენთვის არანაირი ხელფასი არ დაურიგებიათ, გარდა 100 და 50 ლარისა. ახალი წელი მოდის და ზოგს 1500-დან 4000 ლარამდე ხელფასი აქვს ასაღები“;

„შენობა მისულია დამთავრებამდე, თანხას არ გვაძლევენ, ჩვენს ხელფასებს - ორ კაპიკზე გვაქვს საუბარი“;

„ყველა ხელოსანმა ვთხოვეთ, ვემუდარეთ, მიზერული თანხები დაერიგებინათ, რომ ოჯახებისთვის მიგვეწოდებინა. ნაწილობრივ მაინც მოგვცენ, რომ ახალი წელი დავიყენოთ“, - აცხადებდნენ 27 დეკემბრის აქციის მონაწილეები ახალციხის ტელეკომპანიასთან საუბარში.

მუშებს შპს „ქრისტინე სარაშვილის“ წარმომადგენელი შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხის ანგარიშზე ასახვის შემდეგ დაიწყებდნენ.

ვალეში კულტურის სახლისა და საბავშო ბაღის სარემონტო სამუშაოებისთვის ჯამში 722 000 ლარზე მეტია გათვალისწინებული. 27 დეკემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, რომ კომპანიისთვის თანხა გადარიცხული ჰქონდათ და ანგარიშზე მაქსიმუმ ორ დღეში აისახებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]