ზვიად რატიანი წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისთვის წინააღდეგობის გაწევრის ბრალდებით 23 დეკემბერს დააკავეს. თავად პოეტი სამართალდამცავებს მისთვის სიტყვიერი და ფიზიკურ შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. რატიანის თქმით, ის ქურთუკის ფერის გამო დააკავეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ზვიად რატიანს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში, ვერ აკონტროლებდა ქცევას და ლექსიკას, იქცეოდა აგრესიულად, წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცველებს, რითაც მათ არ აძლევდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას. სასამართლო სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის ვიდეო მტკიცებულებები გაავრცელა. რამდენიმეწუთიანი ფრაგმენტები, რომელებიც მხოლოდ რატიანის მხრიდან გინებას და დაკავების მცირე ნაწილს ასახვენ, არ არის გადაღებული პოლიციელების სამხრე კამერით.
ზვიად რატიანს სოლიდარობას უცხადებენ პოეტები და გამომცემლები, რომლებიც პოეტის ცემაში მონაწილე სამართალდამცავების დასჯას ითხოვენ.
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ზვიად რატიანის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობით გადამეტების ფაქტზე. შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიების დასრულებამდე ერთ პოლიციელს უფლებამოსილება შეუჩერა.