weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შინაგან საქმეთა მინისტრი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

00:04 შაბათი, 30 დეკემბერი 2017

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა მათ მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, ასევე, სამინისტროს გამოწვევები და მიზნები გააცნო. გახარიას განცხადებით, უწყებაში რეფორმების წარმატებული განხორციელებისთვის აუცილებელია საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობა და მხარდაჭერა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ღიაა არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობისთვის, კრიტიკის, მოსაზრებებისა და წინადადებებისთვის, რაც ხელს შეუწყობს სამართალდამცავი სტრუქტურის ეფექტიანობის, გამჭვირვალობის ამაღლებასა და საზოგადოების საჭიროებებზე მეტად ორიენტირებულობას.

„ვისაუბრეთ საპოლიციო კონტროლის მარეგულირებელი კანონმდებლობის გადახედვის აუცილებლობაზე, სამინისტროს სტრუქტურულ რეფორმაზე, რამდენიმე მიმართულებით: კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიცია და სასაზღვრო პოლიცია. ასევე, შევეხეთ ცალკეულ შინაარსობრივ რეფორმებს. საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე და იმ დეპარტამენტის შექმნაზე, რომელიც შს მინისტრის მიერ დაანონსდა. ასევე, ვისაუბრეთ გამოძიების ხარისხის ამაღლებაზე, სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად, როგორიც არის: ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა, ზოგადად, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაული, სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაული და ასე შემდეგ. ჩვენ, ფაქტობრივად, ამ შეხვედრით საფუძველი ჩავუყარეთ შემდგომ თანამშრომლობას, შევთანხმდით შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზე, გარკვეული მიმართულებით და შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული პერიოდულობით, ეს იქნება თვეში ერთხელ, თუ ორ თვეში ერთხელ, ჩვენ შევიკრიბებით და უკვე ცალკეულ საკითხებს განვიხილავთ სამუშაო ჯგუფებში. კონკრეტულად რამდენიმე საქმეზე იყო საუბარი, მათ შორის, ზვიად რატიანის საქმეზე, თუმცა, ზვიად რატიანის საქმე არ ყოფილა ერთადერთი საქმე, რომელზეც დღეს ვისაუბრეთ. რატიანის საქმის კონტექსტში ვისაუბრეთ, ზოგადად, სამინისტროს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ამ თემაში ძალიან სიღრმისეულად არ შევსულვართ იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ჩვენ ამ თემაზე უკვე გავაკეთეთ კომენტარი. ზვიად რატიანი სამართალდამრღვევად იქნა დღეს ცნობილი სასამართლოს მიერ, ასევე, მიმდინარეობს პროკურატურაში გამოძიება და სანამ არ დასრულდება ეს გამოძიება, შსს-ს მხრიდან ეს იქნება უკანასკნელი კომენტარი, რომელსაც ამ საქმეზე ვაკეთებთ. არასამთავრობოებმა ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომლებიც მათ წლების განმავლობაში ჰქონდათ დაგროვილი შსს-ს მიმართ. ეს იყო სამინისტროს ღიაობა, გახსნილობა გარკვეული მიმართულებით, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა ამა თუ იმ რეფორმაში, რაზეც ჩვენ გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ ვიქნებით მაქსიმალურად ღია, გახსნილი და არც ერთი მიმართულებით მათთან კომუნიკაციის არანაირი პრობლემა არ იქნება იმიტომ, რომ მათი ჩართულობა, ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, ყველა იმ რეფორმაში, რომლის განხორციელებასაც სამინისტრო გეგმავს, მათი ექსპერტული ცოდნა და გამოცდილება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, საუბარი შეეხო ნარკოტიკების ჩადების საკითხს, ასევე დაინტერესდნენ რა ხედვები აქვს შს მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებით. „ჩვენ ვკითხეთ მინისტრს მისი გეგმები და მისი ხედვები ამ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმთან დაკავშირებით. ცხადია, პოეტ ზვიად რატიანის საქმე იყო ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის არსებობის შემთხვევაში ნაკლები კითხვა დაისმებოდა. ასევე. ჩვენ ვისაუბრეთ ისეთ მტკივნეულ საკითხებზე, როგორიც არის ნარკოტიკების ჩადება და ა. შ. საერთო ჯამში ეს იყო გაცნობითი შეხვედრა, ბოლო პერიოდში დაგროვებულ საკითხებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრობლემური იყო ის საკითხი, რაც რატიანთან დაკავშირებით გავრცელდა, ვგულისხმობ ვიდეომასალას და ვფიქრობ, რომ ეს მიზანშეწონილი არ იყო“, - განაცხადა გიგაურმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]