„აჭარის ტელევიზია განთავსებულია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ორსართულიან შენობაში. თანამშრომელთა უმეტესობას სამუშაო ადგილი არ გააჩნია. ოთახების დიდი ნაწილი ფანჯრების და სათანადო ვენტილაციის გარეშეა“, - წერია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორისა და მრჩეველთა საბჭოს წევრების მიმართვაში.
ოფიციალურ წერილში საუბარია უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის აუცილებლობაზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მაუწყებელს არ გააჩნია საქმიანობასთან შესაბამისი ინფრასტრუქტურა, თითქმის შეუძლებელია სტუდიური გადაწყობა და მაყურებლისთვის საინტერესო გადაცემების ახალი ფორმატების შექმნა.
„რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლის გამართული მუშაობა და დასაქმებულ პირთა შრომითი უსაფრთხოება სამოქალაქო და პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაწილია და აქამდე არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება აჭარის მაუწყებლის შენობის მოწყობასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, უნდა დავფიქრდეთ კიდევ ერთხელ მაშინ, როდესაც ძალიან ბევრს ვსაუბრობთ შრომით უსაფრთხოებაზე. მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი მოლოდინი არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებლის გამართულ საქმიანობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა ნათია კაპანაძემ.
შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების შესასწავლად მაუწყებელმა პროფკავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების ტექნიკური უსაფრთხოების სამსახურსაც მიმართა.
„შესწავლით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ აჭარის ტელევიზიის შენობა არ შეესაბამება უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაოსთვის მინიმალურ სტანდარტსაც კი. პროფკავშირების წარმომადგენელის განმარტებით, პრაქტიკულად არაეფექტურია რეკომენდაციების გაცემაც, რადგან რიგ შემთხვევებში შეუძლებელია სიტუაციის გამოსწორება“, - ნათქვამია მაუწყებლის მიმართვაში.
შენობა, რომელშიც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელია განთავსებული, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. აჭარის ტელევიზიაში 313 თანამშრომელი მუშაობს.