weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სასულიერო პირებს არ აქვთ ინფორმაცია ქურმუხის ეკლესიის შესაძლო დარბევაზე

00:29 სამშაბათი, 02 იანვარი 2018

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოს დიმიტრის (კაპანაძე), ასევე კახის წმინდა გიორგის და ალიბეგლოს წმინდა ნინოს სახელობის ტაძრების წინამძღვარს, დეკანოზ პეტრე ხუმარაშვილს არ აქვთ ინფორმაცია კახში, ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიის შესაძლო დარბევის შესახებ.

ქურმუხის ეკლესიის დარბევასთან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ გავრცელდა, რომლის თანახმადაც, დარბევის შედეგად დაზიანებულია ტაძრის სახურავი და შიდა ფასადი.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას კახის წმინდა გიორგის ეკლესიის ყოფილი წინამძღვარი, არქიმანდრიტი დემეტრეც გამოეხმაურა: "როგორც ცნობილი გახდა ადგილობრივთაგან, გუშინ, 31 დეკემბერს დაარბიეს აზერბაიჯანში, ისტორიულ ჰერეთში, კახის რაიონში ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია. დაზიანებულია სახურავი და შიდა ფასადი. ვიმედოვნებთ,რომ არ წაუყრუებენ ამ ფაქტს საქართველოს მხრიდან, მოითხოვენ აზერბაიჯანისგან გამოძიებას და ვანდალების დასჯას. ბოლო ორი წელია ქურმუხის ტაძარზე გახშირდა მსგავსი ფაქტები, ხოლო სასჯელი არავის შეხებია. ვცდილობთ ამ ფაქტის გარკვევას ოფიციალური პირებისგან", - წერს არქიმანდრიტი დემეტრე.

"რეგინფო" კახის მცხოვრებლებს ტელეფონით დაუკავშირდა. მათი თქმით, ქურმუხის ეკლესიის დარბევის თაობაზე სოციალური ქსელიდან გვიან საღამოს შეიტყვეს და ინფორმაციის გადამოწმებას დილით შეძლებენ.

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსის, დიმიტრის თქმით, ქურმუხის ეკლესიის დარბევის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს.

კახის წმინდა გიორგის და და ალიბეგლოს წმინდა ნინოს სახელობის ტაძრების წინამძღვარმა, დეკანოზმა პეტრე ხუმარაშვილმა "რეგინფოს" უთხრა, რომ აღნიშნულის შესახებ მისთვის არავის უცნობებია: "კახიდან დღეს, დილით დავბრუნდი. გუშინ, მრევლი იმყოფებოდა ქურმუხის ეკლესიაში. იქიდან დაახლოებით 2 საათისთვის წამოვიდნენ და არაფერი იყო მომხდარი. თუ რამე მოხდა, ე.ი. მათი წამოსვლის შემდეგ. კახიდან ჩემთვის ამ საკითხზე არავის დაურეკავს".

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ქურმუხის ეკლესიის შესაძლო დარბევასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანში საქართველოს საელჩომაც სოციალური ქსელიდან შეიტყო. სამინისტროს წარმომადგენლის მარი ნარჩემაშვილის თქმით, საელჩოდან კახის მცხოვრებლებს უკვე დაუკავშირდნენ და ინფორმაციას ამოწმებენ.

ქურმუხის ეკლესია მე-19 საუკუნეშია აშენებული და ქალაქ კახიდან დაახლოებით 2 კილომეტრში მდებარეობს. აზერბაიჯანის ხელისუფლება ქართველ მღვდელმსახურებს ქურმუხის ეკლესიაში მსახურების ჩატარების ნებას წელიწადში ორჯერ, გიორგობისთვის, 6 მაისს და 23 ნოემბერს აძლევს.

2015 წელს, აზერბაიჯანის კერძო ტელეკომპანია „ატევემ“ ახალი სატელევიზიო რგოლის გადასაღებ მოედნად ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი გამოიყენა. კადრებიდან ჩანდა, რომ მსახიობები ქურმუხის ეკლესიის საკურთხეველსა და კედლებზე დახტოდნენ. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ გამოთქმული შეშფოთების გამო, ტელეკომპანია АТВ-მ ქურმუხის ეკლესიაში გადაღებული კლიპის ჩვენება შეწყვიტა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]