weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რა მოთხოვნებს უყენებს პანკისის უხუცესთა კავშირი ხელისუფლებას

20:05 სამშაბათი, 02 იანვარი 2018

პანკისის ხეობის „უხუცესთა კავშირი“ ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ. უხუცესთა კავშირის განცხადებას პანკისის სათემო რადიო უცვლელად გთავაზობთ:

„უხუცესთა კავშირი“ ადასტურებს, რომ კახეთის გუბერნატორის მიწვევით, 29 დეკემბერს, თელავში, ნამდვილად შედგა შეხვედრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, უხუცესთა კავშირის წევრებსა და პანკისის სხვა მცხოვრებლებს შორის. შეხვედრაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა გაგვაცნეს მტკიცებულებების ნაწილი, რომელიც სუს-ის განცხადებით, ადასტურებს სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული პირების კავშირს ახმედ ჩატაევთან და მის ჯგუფთან.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მასალების შინაარსის შეფასება რთულია და ის უნდა გახდეს სამართლებრივი განხილვის საგანი.

პანკისის უხუცესთა საბჭო აცნობიერებს საქმესთან დაკავშირებით არსებულ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს და მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ბრალდებულთა დამნაშავეობასთან დაკავშირებით მტკიცებითი ხასიათის განცხადებებისგან.

დამატებით აღვნიშნავთ, რომ სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით. სუს-მა მტკიცებით ფორმაში მიუთითა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად მოხდა გასროლა მისი მისამართით.

მართალია საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებით, მაგრამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ამ დრომდე ვერ მივიღეთ დასაბუთებული პასუხი კითხვაზე, რამდენად აუცილებელი და პროპორციული იყო თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მისივე საძინებელ ოთახში, ცეცხლსასროლი იარაღიდან პირდაპირ თავში სროლა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის მიუხედავად, იგი ამ დრომდე რეანიმაციაში, უგონო მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ასევე, ვერ მივიღეთ დამაჯერებელი განმარტება რატომ იყო აუცილებელი ამ პირების დასაკავებლად ასეთი მასშტაბური სპეციალური ოპერაციის ჩატარება ძალის მაქსიმალური დემონსტრირებით.

მოვუწოდებთ პროკურატურას, ოპერატიულად და ობიექტურად გამოიძიოს 19 წლის ახალგაზრდის დაჭრის შემთხვევა და რაც შეიძლება მოკლე დროში გვაცნობოს საზოგადოებას ინფორმაცია. ასევე, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული პირების საქმეზე გამოძიება წარიმართოს მიუკერძოებლად, მხარეთა თანასწორობის პრინციპით. სამწუხაროდ, მსგავსი საქმეების გამოძიების და სასამართლო განხილვისას სხდომების დახურვის პირობებში, ჩვენ ვერასოდეს ვიგებთ სიმართლეს.

ამასთან, მივმართავთ ხელისუფლებას ადეკვატურად უპასუხოს თემში არსებულ ღრმა უკმაყოფილებას და გააკეთოს ყველაფერი ქვეყნის შიდა და გარე რესურსების მაქსიმალური გამოყენებით, იმისათვის, რომ მოხდეს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა პანკისის ხეობასა და თბილისში სპეცოპერაცია 26 დეკემბერს ჩაატარა და 5 პირი დააკავა. სპეცოპერაციისას 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცრაზმმა თავის არეში დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებულებს ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების ხელშეწყობაში ადანაშაულებს. ოთხ დაკავებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

27 დეკემბერს, 1000-მდე ადამიანი შეიკრიბა პანკისში. აქციის მონაწილეებმა ხეობაში წინა დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება გააპროტესტეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]