მარიამ ლორთქიფანიძემ თსუ ისტორიის ფაკულტეტი 1943 წელს დაამთავრა. 1947 წლიდან მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად, 1948 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამავე წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „თბილისის საამირო“. 1972 წლიდან იყო თსუ-ს საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი 1963 წლელს მიენიჭა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი კი 1993 წელს გახდა.
მარიამ ლორთქიფანიძეს გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 წიგნი. მისი თაოსნობით, 1996 წელს, თსუ-ს საქართველოს ისტორიის კათედრასთან ჩამოყალიბდა საქართველოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი ლაბორატორია.
მარიამ ლორთქიფანიძე ივ. ჯავახიშვილის (1976 წ.), ნ. ბერძენიშვილის (1980 წ.) სახელობის და საქართველოს სახელმწიფო (1982 წ.) პრემიების ლაურეატია. 1997 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 1988 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.