weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სოფელ სნოში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებენ

15:10 სამშაბათი, 09 იანვარი 2018

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში 500-კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივების განცხადებით, ელექტროგადამცემი ხაზი მათ ეზოებს კვეთს, რაც 25 ოჯახს აიძულებს, საცხოვრებელი ადგილი დატოვოს. ისინი მშენებლობისთვის ალტერნატიული ტერიტორიის შერჩევას ითხოვენ.

სოფელ სნოში, დაახლოებით 500-მეტრიან მონაკვეთზე, ქსანი-სტეფანწმინდას მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობა 2016 წლის ივლისიდან შეჩერებული იყო. სნოს მკვიდრის, კესო ხართიშვილის განცხადებით, სოფელში მძიმე ტექნიკა გუშინ გამოჩნდა და სამუშაოები დაიწყო.

„ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ვითხოვთ, რომ ის საცხოვრებელი ზონიდან მოშორებით გაიყვანონ. არსებული პროექტით, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი 25 ოჯახს მიაყენებს ზიანს, განსაკუთრებით კრიტიკულ მდგომარეობაში კი 9 ოჯახი ვართ. ელექტროგადამცემი ხაზი სახლის კედლიდან ერთ მეტრშია. ვითხოვთ, რომ ორი ანძა საცხოვრებელი სახლებიდან 50 მეტრის დაშორებით მაინც დადგან, რათა გვქონდეს აქ ცხოვრების და განვითარების საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავთვლით, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდება, რათა აქედან ავიყაროთ“, - უთხრა „რეგინფოს“ კესო ხართიშვილმა.

მისივე თქმით, გასული წლის ივლისში სნოს მოსახლეობას ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ილია ელოშვილი შეხვდა, რომელმაც პირობა დადო, რომ თუ გადამცემი ხაზი საცხოვრებელი სახლებიდან 40 მეტრზე ახლოს იქნებოდა, აწევდნენ.

„არჩევნებამდე ტრაქტორი ისევ გამოჩნდა, თუმცა მას მშენებლლობის დაწყების საშუალება არ მივეცით. ამ საკითხზე საუბარი გვქონდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და „ენერგოტრანსის“ წარმომადგენლებთან. გვითხრეს, რომ არანაირ ფინანსურ დანახარჯთან არ არის დაკავშირებული ბუფერული ზონის აწევა. მათივე თქმით, მიმდინარეობდა მოლაპარაკება დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, რადგან თუ ელექტროგადამცემ ანძებს ქედზე გადაიტანენ, საჭირო იქნება ტყის ზოლის გაკაფვა. როგორც ჩანს, სააგენტოსთან შეთანხმება ვერ შედგა და მოგვთხოვეს ალტერნატიული გზის მოძებნა. ჩვენ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხი ვართ და ვითხოვთ ჩვენი უფლებების დაცვას“, - განაცხადა კესო ხართიშვილმა.

მისი ინფორმაციით, სნოს მცხოვრებლები აქციებს გააგრძელებენ და მძიმე ტექნიკას სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ. უახლოეს დღეებში ისინი გერმანიის განვითარების ბანკს განცხადებით მიმართავენ.

რუსეთის ენერგოსისტემასთან დამაკავშირებელი ქსანი-სტეფანწმინდას მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, „ენერგოტრანსი“ და ფინურ-ინდური კონსორციუმი - ELEL-EMC ახორციელებენ. პროექტს გერმანიის განვითარების ბანკი 25 მილიონი ევროთი აფინანსებს.

 

ამ თემაზე:

გაფრთხილება მთავრობას სნოს ხეობიდან - უსაფრთხო გარემოს არაფერში ვცვლით!

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]