weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვეძათხევის მცხოვრებლებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს

23:46 სამშაბათი, 09 იანვარი 2018

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეძათხევში, მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებმა ორმა ოჯახმა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.

სიცოცხლისთვის არსებული საფრთხის გამო, სახელმწიფომ 2015 წელს ვეძათხევიდან 8 ოჯახი გაასახლა, თუმცა, განსახლებაზე უარი უთხრა ნაბისი ზვიადაურის ერთსულიან, ასევე ვეფხვია არდოტელისა და ლია ზვიადაურის ოჯახებს.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს განცხადებით, განსახლებაზე უარის გადაწყვეტილებები ემყარებოდა კომისიის არგუმენტაციას, რომ ნაბისი ზვიადაური და მისი შვილი ხვიჩა ზვიადაური ხელოვნურად იყვნენ გაყოფილები, შესაბამისად ნაბისი ზვიადაურის ოჯახის წევრს ჰქონდა ალტერნატიული საცხოვრებელი, ხოლო ვეფხვია არდოტელისა და ლია ზვიადაურის შემთხვევაში, მათი შვილების მიერ ლია ზვიადაურის დის ბინაში ცხოვრების ფაქტი, გულისხმობდა მათ შეუზღუდავ შესაძლებლობასაც ესარგებლათ ამავე საცხოვრებლით. სოფელში არსებული საშიშროების გამო, ვეფხვია არდოტელის და ლია ზვიადაურის შვილები დროებით ჟინვალში, დეიდის სახლში ცხოვრობენ.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის დახმარებით, ნაბისი ზვიადაურმა, ვეფხია და ლია არდოტელებმა განსახლებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს. სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადასტურა განსახლების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობა და უსაფუძვლობა, ოჯახების მხრიდან სხვა საკუთრების არარსებობის ფაქტი, მაგრამ კომისიამ ორივე ოჯახის მიმართ განსახლებაზე კვლავ უარის გადაწყვეტილება მიიღო, ანალოგიური არგუმენტით, რომ განმცხადებლებს შვილის და ნათესავის საკუთრებით შეეძლოთ სარგებლობა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, როგორც განმცხადებლების წარმომადგენელი, ევროპული სასამართლოსგან კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება) და მე-13 (უფლება დაცვის სამართლებრივ მექანიზმებზე) მუხლების დარღვევის დადგენას ითხოვს. განმცხადებლების წარმომადგენლები საკითხის სენსიტიურობის გამო, საქმისთვის პრიორიტეტის მინიჭებას და მის დაჩქარებულად განხილვას ითხოვენ.

სოფელ ვეძათხევში მეწყრული პროცესები 1980-იან წლებში დაიწყო. 2006 და 2008 წლებში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებულმა ოფიციალურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ სოფელში მცხოვრები ყველა ოჯახის საცხოვრებელი სახლი მეწყრული მოვლენების მაღალი რისკის ზონაში მდებარეობდა და მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე უშუალოდ ექმნებოდა. 2008 წლის დასკვნის თანახმად, მეწყერი ხასიათდებოდა გაფართობული გავრცელებით, რთული დინამიკით და ღრმა განლაგებით, აქედან გამომდინარე ინფრასტრუქტურული ღონისძიებებით შეუძლებელი იქნებოდა რისკების თავიდან აცილება. ოფიციალური ინფორმაციით, შემდეგ წლებში მეწყრული პროცესების გააქტიურების დინამიკა არ შეცვლილა. სოფელში დამატებით არსებობს მდინარის ადიდების საშიშროება. 2011-2013 წლებში, გარემოს დაცვის სამინისტრომ, დუშეთის მუნიციპალიტეტმა, ასევე სახალხო დამცველმა მიმართეს მთავრობას სოფლის მცხოვრებლების განსახლების რეკომენდაციით. გეოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, სოფელი წლის მანძილზე უმეტესად მოწყვეტილია გარემოსამყაროს, სოფლამდე ვერ აღწევს ვერც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა. რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა კიდეც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]