ოჯახი თემირლან მაჩალიკაშვილის გერმანიაში, ბერლინის კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, რაზეც ოფიციალური უარი გუშინ მიიღეს. ამის შემდეგ პაციენტის თურქეთში, კლინიკა „კოჩ-ჰოსპიტალში“ გადაყვანა იგეგმებოდა.
2017 წლის 26 დეკემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმმა თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაჭრა. ის თავდაპირველად თელავის საავადმყოფოში იყო მოთავსებული, სადაც ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, 28 დეკემბერს კი თბილისში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერის ნინო გიორგობიანის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას ხელყუმბარის ამოქმედებას აპირებდა და უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე ესროლეს. სპეცოპერაციის შედეგად 4 პირი დააკავეს. მათ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან - ახმედ ჩატაევთან და მისი ჯგუფის წევრებთან კავშირი და მათი დახმარება ედებათ ბრალად.
2018 წლის 4 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, სადაც მათი ინფორმაციით, ჩანს, თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში ახმედ ჩატაევის დაჯგუფის წევრები - შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი, თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად.
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ. მათი თქმით, გასაჯაროებული კადრები არ ადასტურებს თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირს ტერორიზმთან.