ძლიერმა ქარმა ქალაქ თელავში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა, წაქცეულია ხეები და დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა კავკასიონის ქუჩაზე, სადაც სახურავი საცხოვრებელ კორპუსებს აქვს გადახდილი. როგორც თელავის მერიაში აცხადებენ, სტიქიამ საცხოვრებელი სახლები დააზიანა სოფლებში ვანთაში, წინანდალში, შალაურსა და კისისხევშიც.
ძლიერმა ქარმა სახლების სახურავები და ელექტროსადენები გურჯაანის და ახმეტის მუნიციპალიტეტებშიც დააზიანა. ამ დროისთვის კომისიები ზარალს ითვლიან, რის შემდეგაც აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.
გუშინ ღამიდან ახმეტას, თელავსა და გურჯაანს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ამ დროისთვის ენერგომომარაგება აბონენტების დიდ ნაწილს უკვე აღუდგა.