თამარ გვარამაძე 2016-2017 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართლის აკადემიის უფროსი იყო, 2014–2016 წლებში კი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, თამარ გვარამაძეს მდიდარი გამოცდილება აქვს არაერთი მიმართულებით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე მენეჯმენტისა და აკადემიური საქმიანობის მიმართულებებით.
„თამარ გვარამაძე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი და ასოცირებული პროფესორი. იგი არის პროფესიით იურისტი. რამდენიმე წელი მუშაობდა როგორც ადვოკატი და მისი მონაწილეობით და ჩართულობით, ასობით ადამიანის უფლების დაცვა მოხდა“, - განაცხადა ლომჯარიამ.
ერთ-ერთ მოადგილედ ნინო ლომჯარიამ გიორგი ბურჯანაძე წარადგინა, რომელიც წლების განმავლობაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოში“ მუშაობდა. სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობა შეინარჩუნა ეკატერინე სხილაძემ, რომელიც სახალხო დამცველის აპარატში 2013 წლიდან მუშაობს.
„მას აქვს ძალიან წარმატებული გამოცდილება და შედეგები იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც მუშაობდა. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იქნება სახალხო დამცველისთვის შენარჩუნდეს მისი გამოცდილება და ამ მიმართულებით დაგვეხმაროს საკითხების და პრობლემების წამოწევაში“, - განაცხადა ლომჯარიამ.
პარლამენტმა ნინო ლომჯარია სახალხო დამცველად 2017 წლის 30 ნოემბერს, 5 წლის ვადით აირჩია. მან ამ თანამდებობაზე უჩა ნანუაშვილი შეცვალა.