weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

ბათუმის მოვლენების საქმეზე ბრალდებულებს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდათ

16:51 ოთხშაბათი, 10 იანვარი 2018

ბათუმის მოვლენების საქმეზე ბრალდებულ მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით ჰქონდათ წაყენებული, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს, თუმცა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბრალი 226-ე მუხლით გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს და შედარებით მსუბუქი დანაშაულია.

„226-ე მუხლს დისპოზიციაა ჯგუფური მოქმედების ორგანიზება. როდესაც თქვენ გამოჩნდით, ირაკლი, პრაქტიკულად ამ დროს ყველაფერი თითქმის დაშლილი იყო. სწორედ თქვენმა მოქმედებამ უზრუნველყო ის, რომ აგრესიულად განწყობილი ადამიანები აღარ დაიშალნენ და სახელმწიფოს მოუწია დამატებით საპოლიციო ძალების გამოყენება. ვფიქრობდი, რომ მერაბ ღოღობერიძისთვის უფრო მკაცრი სასჯელი უნდა დამენიშნა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ღოღობერიძეს გააჩნია შემამსუბუქებელი გარემოება - მას ჰყავს ოთხი შვილი“, - განაცხადა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, დღევანდელ სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა მერაბ ღოღობერიძე. ის განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და მის გასაჩივრებას აპირებს.

„წლების განმავლობაში ხმამაღლა ვიძახდი, რომ მოვიყვანეთ ხელისუფლება, რომელიც სამართლიანობას აღადგენდა, მაგრამ სამართლიანობა კი არ აღადგინა, ვინც „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერდა ყველა არის დაჭერილი, სამსახურიდან გათავისუფლებული“, - განაცხადა ღოღობერიძემ.

სასამართლოს დარბაზში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იმყოფებოდნენ. სწორედ ამ პარტიის აქტივისტი იყო ირაკლი ჩხვირკია. როგორც პარტიაში განაცხადეს, ირაკლი ჩხვირკია „პოლიტიკური პატიმარია“, რადგან პროკურატურამ ვერ შეძლო წაყენებული ბრალის დამტკიცება.

2017 წლის 11 მარტს, ბათუმში სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა, სადაც რამდენიმე პირი დააკავეს. პროტესტის ნიშნად, მოქალაქეები აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან შეიკრიბნენ. აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, შეკრებილები აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის გადადგომას და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ. მოგვიანებით მათ პოლიციელების მიმართულებით ქვების სროლა დაიწყეს. დაამტვრიეს და დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა, ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის და სამოქალაქო პირების მანქანებს. 11-12 მარტის მოვლენების საქმეზე სამართალდამცავებმა 21 ადამიანი დააკავეს, აქედან ორი არასრულწლოვანი.

ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე 2017 წლის 23 აპრილს, სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ან/და მათზე თავდასხმა.

სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელის ათვლა მათი დაკავების დღიდან უნდა დაიწყოს. როგორც მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, სასამართლოს განაჩენს ბრალდების მხარე სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]