weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თემირლან მაჩალიკაშვილის ვენაში გადაყვანა ავსტრიის შს მინისტრმა შეაჩერა - Kronen Zeitung

11:25 ხუთშაბათი, 11 იანვარი 2018

პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ავსტრიაში სამკურნალოდ გადაყვანა ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიული გამოცემა Kronen Zeitung-ი ავრცელებს. გამოცემამ სტატია 10 დეკემბერს გამოაქვეყნა.

Kronen Zeitung წერს: „საქართველოს მთავრობას სურდა ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფი ტერორისტი გადაუდებელი ოპერაციის ჩასატარებლად ავსტრიაში გადაეყვანათ, რაზეც ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასაგები უარი განაცხადა“.

„დიახ, ეს ინფორმაცია სიმართლეა. ჩვენთვის ძალიან სარისკო იყო ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილისთვის ავსტრიაში შემოსვლის ნება მიგვეცა. ვენაში მისი მკურნალობა სერიოზული საფრთხე იქნებოდა შიდა უსაფრთხოებისთვის“, – ციტირებს გამოცემა მინისტრ ჰერბერტ კიკლის კომენტარს. მისივე თქმით, პაციენტის გათავისუფლების ან მისთვის სერიოზული ზიანის მიყენების რისკი ძალიან მაღალი იყო.

როგორც Kronen Zeitung–ი წერს, ქართველი პაციენტი მხარს უჭერდა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ავსტრიაში კარგად ცნობილ ფანატიკოსს, ტერორისტ ახმედ ჩატაევს.

„ჩეჩნები ავსტრიაში 2003 წლიდან 2011 წლამდე ცხოვრობდნენ სოციალური დახმარებითა და მინიმალური შემოსავლით. შემდეგ „ისლამური სახელმწიფოს“ ცალხელა და ცალფეხა მეთაურმა ცოლი და ხუთი შვილი მიატოვა და სირიაში იბრძოდა. სპეცსამსახურების ინფორმაციით, ჩატაევმა, რომელმაც გარანტირებული შემოსავლის სახით ვენაში 80 000 ევრო მიიღო, სტამბულის აეროპორტში სისხლიანი თავდასხმა დაგეგმა: 2016 წლის ივნისში, თვითმკვლელმა ტერორისტმა 45 ადამიანი მოკლა. 22 ნოემბერს, დაკავებამდე თბილისში მან თავი აიფეთქა“, – ნათქვამია სტატიაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 დეკემბერს, გვიან ღამით, პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საკუთარ საძინებელ ოთახში თავის არეში სასიკვდილოდ დაჭრეს. სუს-ის განცხადებით, მაჩალიკაშვილი ხელყუმბარის ამოქმედებას აპირებდა, რის გამოს მას ესროლეს. თემირლანის ოჯახი ამ ბრალდებას უარყოფს. მშობლების თქმით, თემირლანის ოთახში ხელყუმბარა სამართალდამცავებმა დადეს მათი შვილის დაჭრის შემდეგ.  

მაჩალიკაშვილი 2 კვირის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში რეანიმაციაში იმყოფებოდა. მშობლები სამკურნალოდ მის გადაყვანას უცხოეთის კლინიკაში ითხოვდნენ. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ მაჩალიკაშვილს თურქეთში გადაიყვანდნენ, თუმცა 10 იანვარს, დილით მას გული გაუჩერდა და გარდაიცვალა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ სხვა პირებთან ერთად დახმარებას უწევდა ახმედ ჩატაევს და მის თანამზრახველებს. სუს-მა ვიდეომასალაც გაავრცელა, საიდანაც ჩანს, რომ მაჩალიკაშვილი ახმედ ჩატაევის ჯგუფის წევრებთან იბრაგიმ ადაშევთან და ასლანბეგ სოლტახმადოვთან ერთად, თბილისში მდებარე ტელეფონების ერთ-ერთ მაღაზიაში შედის, თუმცა სუს-ს არ დაუკონკრეტებია, როდის არის გადაღებული ეს ვიდეო. ადვოკატების განცხადებით, აღნიშნული ვიდეოდან გარდა იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი მათ იცნობდა, არაფერი მტკიცდება. ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის თქმით, აღნიშნული პირები 2016 – 2017 წლებში პანკისის ხეობაში ხშირად იმყოფებოდნენ. მათ სეიფულას და აბდულას სახელით იცნობდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]