პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
„2017 წლის 12 ნოემბერს, საღამოს საათებში, რ.ღ. მეგობრებთან ერთად რუსთავში მაიაკოვსკის ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მათთან მივიდნენ შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები ი.დ. და ბ.ბ. და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. საუბრისას რ.ღ.-ს მიერ მოთხოვნილ განმარტებას, თუ რა მიზეზით უნდა დაეტოვებინა ტერიტორია, პოლიციელების მხრიდან მოჰყვა გაღიზიანება, რა დროსაც მათ ამ უკანასკნელს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოსთხოვეს პოლიციის განყოფილებაში გაყოლა. შეშინებული რ.ღ. გაიქცა, რომელსაც პოლიციელები დაედევნენ, რა დროსაც პოლიციის თანამშრომელმა ბ.ბ.-მ მოახდინა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ გასროლა, შემდეგ კი მათ წაქცეულ რ.ღ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე, ასევე თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით.