weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

12:14 პარასკევი, 12 იანვარი 2018

რუსთავის საქალაქო სასამართლომ რუსთავის პოლიციის თანამშრომლებს ირაკლი დარჩიაშვილს და ბესიკ ბეგიაშვილს პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა მათ იარაღით სამსახურებრივი უფლებამოსულების გადამეტებასა და რომან ღონღაძის ცემას ედავება.

საქმის პროკურორის, ლევან ჯალაღონიას განცხადებით, პროკურატურას აქვს მტკიცებულებები, რომ ბრალდებულები დაზარალებულზე და მოწმეებზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ. მისივე თქმით, თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, ირაკლი დარჩიაშვილს და ბესიკ ბეგიაშვილს შესაძლოა გაენადგურებინათ ეს მტკიცებულებები ან ზეწოლა მოეხდინათ მოწმეებზე.

მოსამართლე ქეთევან ლუაშვილის განჩინება სასამართლოშივე გააპროტესტეს ბრალდებულებმა. მათი მტკიცებით, რომან ღონღაძე არ უცემიათ, იარაღიდან კი თავდასხმის მოგერიების მიზნით გაისროლეს.

„არ გვიცემია მოქალაქე. ამაზე ექსპერტიზის დასკვნა არ არის. როგორ, ორმა კაცმა ათი წუთის განმავლობაში წიხლებით ვცემეთ და კვალი არ ეტყობა? იარაღი გაისროლა ჩემმა მეწყვილემ, რაც აღიარა კიდეც. საფუძველი ის იყო, რომ თავს გვესხმოდა 30 კაცი. პოლიციელებს დედას გვაგინებდნენ და გვაფურთხებდნენ. ამას რატომ არ ამბობთ? რა საფრთხეს წარმოვადგენთ, როცა ორი თვის განმავლობაში მოქმედი თანამშრომლები ვიყავით და არანაირი მცდელობა არ გვქონია, ზეწოლა მოგვეხდინა. ჩვეულებრივად ვმუშაობდით და როგორც მოქმედი პოლიციელები ისე დაგვაკავეს. არც გამოძიებას დავემალეთ“, - განაცხადა ირაკლი დარჩიაშვილმა.

ბრალდებულების ადვოკატები სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ისინი არ ეთანხმებიან ბრალდებას ყოფილი პოლიციელების მიერ უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე.

„გაწევ-გამოწევის დროს, როდესაც რომან ღონღაძემ და მისმა მეგობრებმა დაიწყეს ზეწოლა პოლიციელებზე, ერთ-ერთ პოლიციელს რაცია ამოაცალეს და გაიქცნენ. პოლიციელებმა როცა ნახეს, რომ უკვე სუსტები იქნებოდნენ ამდენი პირის წინააღმდეგ, დაიწყეს იმ ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარება, რაც პოლიციის შესახებ კანონით ეკისრებათ“, - განაცხადა ადვოკატმა ზურაბ ბეგიაშვილმა.

პროკურატურამ ირაკლი დარჩიაშვილი და ბესიკ ბეგიაშვილი 9 იანვარს დააკავა. უწყების ინფორმაციით, 2016 წლის 12 ნოემბერს, რომან ღონღაძე რუსთავში, მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიასთან მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან  ირაკლი დარჩიაშვილი და ბესიკ ბეგიაშვილი მივიდნენ და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. 

„საუბრისას რ.ღ.-ს მიერ მოთხოვნილ განმარტებას, თუ რა მიზეზით უნდა დაეტოვებინა ტერიტორია, პოლიციელების მხრიდან მოჰყვა გაღიზიანება, რა დროსაც მათ ამ უკანასკნელს მიაყენეს სიტყვიერი  შეურაცხყოფა და მოსთხოვეს პოლიციის განყოფილებაში გაყოლა.  შეშინებული რ.ღ. გაიქცა, რომელსაც  პოლიციელები დაედევნენ, რა დროსაც პოლიციის თანამშრომელმა ბ.ბ.-მ მოახდინა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ გასროლა, შემდეგ კი მათ წაქცეულ რ.ღ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

საქმეზე არსებით განხილვას რუსთავის სასამართლო თებერვალში დაიწყებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პოლიციის ყოფილ თანამშრომლებს ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]