შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის 31 დეკემბერს პოლიციას 1989 წელს დაბადებული ირაკლ კეკელიას გაუჩინარების შესახებ მისმა ოჯახმა შეატყობინა. დაკარგულ პირთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის აბაშის რაიონულ სამმართველოში შეიქმნა ძებნის საქმე და გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა). პარალელურად, მიმდინარეობდა გაუჩინარებული პირის ინტენსიური ძებნის ღონისძიებები.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ნ.ტ.-მ 2017 წლის 31 დეკემბერს აბაშაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ნაცნობს, ირაკლი კეკელიას, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ნ.ტ.-მ კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მდინარე რიონში გადააგდო. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო და ნ.ტ.-ს დახმარება გაუწია რ.გ-მ., რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.
სამართალდამცველებმა, ნ.ტ. აბაშაში, ხოლო რ.გ. ზუგდიდში დააკავეს. ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი სანადირო თოფი - ნივთმტკიცებად ამოიღო. ამ დროისთვის, მოკლულის ცხედრის ძებნის ღონისძიებები გრძელდება.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე და 375-ე მუხლით). ნ.ტ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დანაშაულის დაფარვა კი ისჯება ჯარიმით ან 6 თვიდან 2 წლამდე ვადით შინაპატიმრობით ანდა 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.