გაფიცულები დღეს, 17:00 საათზე, საქართველოს რკინიგზის და ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს ელოდებიან. როგორც ისინი აცხადებენ, მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მშენებარე გვირაბს გადაკეტავენ.
„თუ კომპანიის წარმომადგენლები დათმობაზე არ წამოვლენ, გვირაბს გადავკეტავთ, გავაგრძელებთ პიკეტირებას და არცერთ ჩინელს არ შევუშვებთ მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება“, - განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა.
ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს აკავშირებს ერთმანეთთან, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“ ახორციელებს. რამდენიმე თვის წინ სარკინიგზო გვირაბის ფრაგმენტის ჩამონგრევის შედეგად ორი მუშა დაშავდა. მაშინ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილემ, ილია ლეჟავამ განაცხადა, რომ პროფკავშირის ინსპექტორებმა გვირაბის მშენებლობის ადგილზე დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოების მდგომარეობა მაისში შეამოწმეს და სერიოზული დარღვევები აღმოაჩინეს, რაზეც სამშენებლო კომპანიას რეკომენდაციებით მიმართეს.