თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურატურამ გაასაჩივრა. საქმის პროკურორის ხათუნა კუსრაშვილის განცხადებით, ყველა გარემოება იძლეოდა იმის საფუძველს, რომ ბრალდებულის მიმართ წინასწარი პატიმრობა გამოყენებულიყო. „გათავისუფლების შემთხვევაში არსებობდა ბრალდებულის მიმალვის, მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე“, - აღნიშნა პროკურორმა.
თამაზ ქვლივიძე წარდგენილ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისი ადვოკატის, ზაზა მესხის განცხადებით, მოსამართლემ წნეხს ვერ გაუძლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო.
„დღევანდელი გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია. ეს იმის შედეგია, რომ საზოგადოების და კლუბ „ბასიანის“ მფლობელების მხრიდან მოსამართლზე ზეწოლა მოხდა და სამწუხაროდ, მოსამართლემ ამ ზეწოლას ვერ გაუძლო. დღემდე თავს ვიკავებდი, მაგრამ ახლა შემიძლია განვაცხადო, რომ იმ დაცვის თანამშრომლის და სხვა თანამშრომლების მხრიდან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება. წარვადგენთ იმ მტკიცებულებებს, რა დაზიანებები მიიღო მან და რა გახდა იმის მიზეზი, რომ დანა ამოიღო“, - განაცხადა ზაზა მესხმა.
ღამის კლუბ „ბასიანთან“ ინციდენტი 13 იანვარს მოხდა. კლუბის მფლობელების განცხადებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თამაზ ქვლივიძე კლუბში შესვლას ცდილობდა, რისი უფლებაც დაცვამ არ მისცა და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. შელაპარაკების დროს ქვლივიძემ დაცვის ორ თანამშრომელს და შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. თამაზ ქვლივიძე დააკავეს და ბრალი წარუდგინეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე (117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) და განზრახ ნაკლებად მძიმე (118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) დაზიანებისთვის, აგრეთვე პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისთვის. სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლი სამიდან ექვს წლამდე, 118-ე მუხლი - ერთიდან სამ წლამდე, ხოლო 353-ე მუხლი ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.