weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ღამის კლუბ „ბასიანთან“ 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

14:47 ოთხშაბათი, 17 იანვარი 2018
ღამის კლუბ „ბასიანთან“ 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა ფოტო © საზოგადოებრივი მაუწყებელი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ღამის კლუბ „ბასიანის“ დაცვის ორი თანამშრომლის და პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულ 26 წლის თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სააპელაციო სასამართლომ გააუქმა წინა ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლითაც ქვლივიძე 30 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურატურამ გაასაჩივრა. საქმის პროკურორის ხათუნა კუსრაშვილის განცხადებით, ყველა გარემოება იძლეოდა იმის საფუძველს, რომ ბრალდებულის მიმართ წინასწარი პატიმრობა გამოყენებულიყო. „გათავისუფლების შემთხვევაში არსებობდა ბრალდებულის მიმალვის, მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე“, - აღნიშნა პროკურორმა.

თამაზ ქვლივიძე წარდგენილ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისი ადვოკატის, ზაზა მესხის განცხადებით, მოსამართლემ წნეხს ვერ გაუძლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო.

„დღევანდელი გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია. ეს იმის შედეგია, რომ საზოგადოების და კლუბ „ბასიანის“ მფლობელების მხრიდან მოსამართლზე ზეწოლა მოხდა და სამწუხაროდ, მოსამართლემ ამ ზეწოლას ვერ გაუძლო. დღემდე თავს ვიკავებდი, მაგრამ ახლა შემიძლია განვაცხადო, რომ იმ დაცვის თანამშრომლის და სხვა თანამშრომლების მხრიდან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება. წარვადგენთ იმ მტკიცებულებებს, რა დაზიანებები მიიღო მან და რა გახდა იმის მიზეზი, რომ დანა ამოიღო“, - განაცხადა ზაზა მესხმა.

ღამის კლუბ „ბასიანთან“ ინციდენტი 13 იანვარს მოხდა. კლუბის მფლობელების განცხადებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თამაზ ქვლივიძე კლუბში შესვლას ცდილობდა, რისი უფლებაც დაცვამ არ მისცა და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. შელაპარაკების დროს ქვლივიძემ დაცვის ორ თანამშრომელს და შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. თამაზ ქვლივიძე დააკავეს და ბრალი წარუდგინეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე (117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) და განზრახ ნაკლებად მძიმე (118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) დაზიანებისთვის, აგრეთვე პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისთვის. სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლი სამიდან ექვს წლამდე, 118-ე მუხლი - ერთიდან სამ წლამდე, ხოლო 353-ე მუხლი ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]