შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება გრძელდება და დადგინდება, აქვს თუ არა დაკავებულს კავშირი ქუთათელაძის მკვლელობასთან.
სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან დაკავშირებით გუშინ სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა. შს მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ჯგუფში მაღალი პროფესიული დონის მქონე რამდენიმე სპეციალისტია.
„საქმეზე საკმაოდ ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს. ეს არის რეზონანსული საქმე და ხვალინდელი დღიდან საგამოძიებო ჯგუფი იქნება ღია საზოგადოებასთან ურთიერთობების ჭრილში. რა თქმა უნდა, ინფორმაცია იქნება გაზიარებული აბსოლუტურად ღიად. ხვალ-ზეგ საგამოძიებო მოქმედებების დიდი ნაწილი იქნება დასრულებული და ამის შემდეგ ჩვენ აქტიურ კომუნიკაციას დავიწყებთ საზოგადოებასთან“, - განაცხადა გახარიამ.
სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს, ე.წ. სტამბოლის ბაზარში, საკუთარ კაბინეტში მოკლეს. მას ცეცხლნასროლი ჭრილობა თავში აქვს მიყენებული. მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. შსს-ს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.