წმინდა სახარების მიხედვით, მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის ხელიდან იესო ქრისტეს ნათლისღებისას მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ხოლო ზეციდან ხმა გაისმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვყავ“.
ნათლისღების წინა დღე, 18 იანვარი, წყლის კურთხევის დღეა. ამ დღეს მორწმუნეები ასევე ერთდღიანი მძიმე მარხვით აღნიშნავენ. ტაძრებში წყალი ნათლისღების დღესაც ეკურთხება.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, სადღესასწაულო ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში, 10:00 საათზე დაიწყო. წირვის დასრულებამდე სამების ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში ილია მეორე წყალკურთხევას შეასრულებს და ახლადნაკურთხ წყალს ტაძარში მლოცველებს ასხურებს. მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ.