weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საზოგადოებას მოვუწოდებ, ნუ აიცრუებენ გულს ვაქცინაციაზე – დავით სერგეენკო

11:40 პარასკევი, 19 იანვარი 2018

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, გასულ კვირში აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოში ჯანმრთელობისთვის საშიში 29 222 ვაქცინა გაიხარჯა, სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული ვაქცინები, მათ შორის ცოფის ვაქცინა, მაღალი ხარისხის არის.

დავით სერგეენკოს განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება ის ინფორმაციაც, რომ ეს პრობლემა მთლიანად იმუნიზაციის პროგრამაზე, მათ შორის ბავშვების ვაქცინებზე ვრცელდებოდა.

„არავითარ შემთხვევაში. მსჯელობა იყო მხოლოდ კონკრეტულ ჯგუფზე - ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაზე. მეორე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამ ვაქცინას არ ჰქონდა ბაზარზე დაშვების უფლება, არ იყო რეგისტრირებული და საერთოდ, არალეგალური იყო და მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილებით მოხდა მისი შემოტანა, ესეც არ შეესაბამება სიმართლეს. ეს იყო 2015 წელს, ჩვეულებრივად რეგისტრირებული ვაქცინა, არა მარტო რეგისტრირებული, არამედ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული პრეპარატი“, - განაცხადა სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, 2017 წელს გამოყენებული ცოფის ვაქცინა ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.

„თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პრეკვალიფიკაციას მოხსნის, ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინა წარმოადგენს საფრთხეს. შარშან, 11 თებერვალს როგორც კი მოგვივიდა შეტყობინება პრეკვალიფიკაციის მოხსნის შესახებ, ჩვენი მოქმედების ალგორითმი იყო ასეთი – ან უნდა შეგვეწყვიტა ცოფის ვაქცინაცია, სანამ ახალს არ შემოვიტანდით. ეს დაიჭერდა სადღაც თვენახევარს და ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე ადამიანი ცოფით გარდაიცვლებოდა; მეორე - გაგვეგრძელებინა ვაქცინაცია ან გვეზრუნა ჩანაცვლებაზე. ჩვენ ვიზრუნეთ ჩანაცვლებაზე, რამაც დაიჭირა ხუთი კვირა და 20 მარტიდან ახალი ვაქცინით ვაგრძლებთ. თუმცა იმ პერიოდში და მანამდე არცერთი გართულება ამ ვაქცინას არ ჰქონია“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 30 წლის განმავლობაში საქართველოში პირველად მოხდა, რომ ბოლო 3 წელში ცოფით არავინ გარდაცვლილა მაშინ, როდესაც წელიწადში ცოფით საშუალოდ 5-6 ადამიანი იღუპებოდა.

„ეს სწორედ ამ ვაქციინაციის და იმუნიზაციის პროგრამის დამსახურებაა. იმუნიზაცია/ ვაქცინაცია არის ტექნოლოგია, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში დაადასტურა, რომ ის არის ერთადერთი ქმედითი საშუალება გადამდები დაავადებებისგან გადასარჩენად. საზოგადოებას მოვუწოდებ, ნუ აიცრუებენ გულს ვაქცინაციაზე“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

დავით სერგეენკოს ამ განცხადების შემდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაადასტურა, რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. მათი განმარტებით, 8 იანვარს გამოქვეყნებული 2018 წლის აუდიტორული საქმიანობის გეგმაზე თანდართული განმარტებები, სადაც ჯანმრთელობისთვის პოტენციურად სახიფათო ვაქცინის გამოყენებაზეც არის საუბარი, არ წარმოადგენს უკვე შესწავლილი ფაქტების ამსახველ დოკუმენტს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]