ადვოკატის თქმით, საქმის მასალებს ის სრულყოფილად ჯერ არ იცნობს.
ანატოლი ბერძენიშვილის მეუღლე ადასტურებს, რომ მისი ქმარი მეგობრობდა პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრებ რამაზ მარგოშვილთან. იგი ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 26 დეკემბერს, სპეცოპოერაციის შედეგად დააკავეს პანკისში მცხოვრებ კიდევ 3 პირთან ერთად.
მეუღლის განმარტებით, ანატოლი ბერძენიშვილი პერიოდულად გადადიოდა თურქეთში, თუმცა ეს დაკავშირებული იყო მის საქმიანობასთან, კერძოდ, ეკლესიების მშენებლობასთან. არქიტექტორი დავით სვანიძე ამბობს, რომ ანატოლი ბერძენიშვილი ქვის ოსტატია და აჭარაში, საზღვართან ახლოს მდებარე ეკლესიის მშენებლობაშიც მონაწილეობდა.
სუს-ის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად.
დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად, ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 33-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. დანაშაული სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.