weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულ ბერძენიშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

11:39 ხუთშაბათი, 25 იანვარი 2018

ტერორიზმის ხელშეყობის ბრალდებით დაკავებულ ანატოლი ბერძენიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბერძენიშვილის ადვოკატის, მაია სირაძის განცხადებით, ბრალდებულს ახმედ ჩატაევთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა საქართველოში შემოსვლაში არ დახმარებია.

„ჩატაევთან ახლობლობა იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს, ცოლს, შვილს საფრთხეს შევუქმნი. მოსამართლემ შეკითხვები დაუსვა, რაზეც ბერძენიშვილმა უპასუხა, რომ ბრალდებას რომ ჰქონოდა მტკიცებულება, რომ ჩატაევი მან შემოიყვანა, პირველ რიგში მას დაიჭერდნენ. გამოდის, ამდენი ხალხი დააკავეს, მთავარი პირი კი, რომელმაც ჩატაევი საზღვარზე გადმოიყვანა, ორი თვე თავისუფლად დადიოდა“, - განაცხადა ანატოლი ბერძენიშვილის ადვოკატმა.

მისივე თქმით, საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც ტერორიზმთან ანატოლი ბერძენიშვილის კავშირს დაადასტურებდა.

„არც ჩანაწერია და არც ვიდეომასალა. მხოლოდ და მხოლოდ საზღვრის გადაკვეთის დოკუმენტია, რომ გადასულია თურქეთში. ანატოლი ბერძენიშვილი ხშირად გადადიოდა თურქეთში, ვინაიდან აშენებდა ტაძრებს და მასალა იქიდან გადმოჰქონდა“, - აცხადებს ადვოკატი.

საქმის პროკურორის, ნინო ხონჯუას განცხადებით, არსებობდა ბრალდებულის მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლის და მიმალვის მაღალი საფრთხე, რის გამოც სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო.

სასამართლოს განჩინებას ანატოლი ბერძენიშვილის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ბრალდებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

ანატოლი ბერძენიშვილი 22 იანვარს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. მან, ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად, ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. დანაშაული სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]