შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვა სახის დანაშაულების გახსნის შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია. კერძოდ, ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულია პირი, რომელიც უწყების ცნობით, ქუთაისში, საქართველოს ბანკის ექსპრეს-ფილიალში შეიჭრა, იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენა მოქალაქეს, სალაროდან 1800 ევრო, 1802 ლარი, 5569 დოლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შსს ინფორმაციით, გახსნილია ხაშურში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტიც, რომლის ფარგლებშიც 4 პირია დაკავებული. შსს-ს ცნობით, გახსნილია ქურდობის 5 ფაქტი. მათ შორის, ბათუმში – 3, შიდა ქართლში – 1, ხოლო ახალციხეში – 1 ფაქტი. სულ დაკავებულია 6 პირი.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში სამართალდამცავებმა კახეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში და თბილისში 1 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მცირეკალიბრიანი შაშხანა, 7 პისტოლეტი, 125 ცალი საბრძოლო ვაზნა, 5 მჭიდი და სხვა სახის იარაღი ამოიღეს. უწყების ცნობით, სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი ნივთიერება, ასაფეთქებელი მოწყობილობები და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს. სულ ჩაბარებულია სხვადასხვა მოდელის 3 პისტოლეტი, 2 გადაჭრილი სანადირო თოფი, სხვადასხვა ტიპის 17 ხელყუმბარა, სხვადასხვა სახის იარაღისთვის განკუთვნილი 344 ვაზნა, 2 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი და 2 დეტონატორი. აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდნენ.