ირაკლი ა. და ლევან ა. სასამართლომ დამნაშავედ ცნო რასობრივ დისკრიმინაციაში, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ, ეროვნული ან რასობრივი მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე რასის, კანის ფერის, ეროვნული ან ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირ ან არაპირდაპირ შეზღუდვაში, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება.
„სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2015 წლის 19 სექტემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საღამოს საათებში, მსჯავრდებულებმა ნიგერიის მოქალაქეებს ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც არსებითად ხელყო მათი უფლებები. იმავე დღეს, მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარედ ლევან ა.-მ ასევე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სხვა ფერადკანიან პირებს“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
სასამართლოს განმარტებით, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იქნა მიღებული ბრალდებულების პიროვნება, მათი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ და ის გარემოება, რომ ისინი იყვნენ ნასამართლობის არმქონე პირები და სასჯელის სახით გამოიყენა წარდგენილი მუხლით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმი.