ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საკოლექციო მონეტის დიზაინის ავტორი ნინო გონგაძეა. მონეტის ავერსზე გამოსახულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერბი, ასევე შვიდი მნათობი, რომელთაც მეოცე საუკუნის დასაწყისის საქართველოს სახელმწიფო გერბზე ვხვდებით. დატანილია წარწერა „ხუთი ლარი“. მონეტის რევერსის მთავარი კომპოზიცია უნივერსიტეტია. ასევე, დატანილია წარწერები - „საქართველო“, „GEORGIA“, „1918“, „2018“ და „5 ლ“.
მონეტა ესპანეთის სამეფო ზარაფხანაში 1 500-იანი ტირაჟით მოიჭრა. მონეტის ფასი 95 ლარია და მისი შეძენა 1-ლი თებერვლიდან იქნება შესაძლებელი ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, ყვარლის ფულის მუზეუმსა და ონლაინ მაღაზიის მეშვეობით.