ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანების გადაცემის ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და შს მინისტრი გიორგი გახარია ესწრებოდნენ. გახარიას თქმით, იაპონიის მიერ ავტომანქანების გადმოცემა არის პირველი ნაბიჯი ქართული პოლიციის სპეცტექნიკის ეკოლოგიურად უსაფრთხო და თანამედროვე ტრანსპორტით განახლების საქმეში, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს უწყების ადმინისტრაციულ ხარჯებს.
გახარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლისთვის ერთ–ერთ უმთავრეს პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრა საპატრულო პოლიციის რეფორმა, სისტემაში თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და ტექნიკური აღჭურვილობის გაუმჯობესება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქალაქეების მომსახურების ერთიანი ცენტრი შეიქმნება, რომელიც იქნება ინტეგრირებული პლატფორმა საპოლიციო სერვისების ერთ ადგილზე, ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთ სივრცეში მისაწოდებლად.