„ნაციონალური მოძრაობიდან“ ქობულეთის საკრებულოს წევრის, ბონდო თედორაძის თქმით, ასწლოვანი ხეების გადაზიდვა მაგისტრალური გზით იგეგმება.
„სამი თუ ოთხი ძირი ხე ამოღებული და ტრანსპორტირებისთვის გამზადებულია. ჩაქვის მიმართულებით უნდა გადაიტანონ. ასწლოვანი ფიჭვის ხეები უნდა გაიჩეხოს და განადგურდეს იმის გამო, რომ ოლიგარქის ხე ტრანსპორტირდეს. ამას აკეთებს გამწვანების საბიუჯეტო სამსახური“, - განაცხადა ბონდო თედორაძემ აჭარის ტელევიზიასთან.
ქობულეთის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ხეების გადატანის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და გზის პირზე გეგმიური სამუშაოები ტარდება.
„უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, გეგმიურ დავალებას ვასრულებთ. ზამთრის მოსვლასთან, დიდთოვლობასთან დაკავშირებით უნდა გადაიბელოს ხეები, რომლებიც სატვრთო მანქანების მოძრაობას ხელს უშლიან“, - განაცხადა მალხაზ რომანაძემ.
სამუშაოები დახლოებით 3-კილომეტრიან მონაკვეთზე უნდა განხორციელდეს.
ბიძინა ივანიშვილი სოფელ შეკვეთილში დენდროლოგიურ პარკს აკეთებს, რისთვისაც საქართველოს რეგიონებიდან გიგანტური ხეები ჩააქვთ. ციხისძირი ერთ-ერთი სოფლია აჭარაში, საიდანაც ხეების ტრანსპორტირება ხდება.
ფოტო: აჭარის ტელევიზია