weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შედის

10:12 ორშაბათი, 05 თებერვალი 2018

მთავრობის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. დასჯადი ხდება ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვაც.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს გაცილებით უფრო მკაცრ მიდგომებს, ვიდრე დღეს მოქმედი კანონით არის ეს გათვალისწინებული. „მაგალითად, ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის სანქციები იზრდება 15 წლამდე ვადით. ასევე, მთელი რიგი ქმედებები, რომლებიც დღეს დანაშაულს არ წარმოადგენს, ცხადდება დანაშაულად. ანუ, ფართოვდება იმ ქმედებების წრე, რომელიც დანაშაულად იქნება მიჩნეული. მაგალითად, დანაშაული იქნება ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა - საკმაოდ მკაცრი სანქციით, დანაშაული იქნება ნებისმიერი პირის მიერ ქურდული შეკრების ორგანიზება და ამგვარ შეკრებაში მონაწილეობა და დანაშაული იქნება ქურდული სამყაროს და კანონიერი ქურდის, ასევე, ქურდული სამყაროს საქმიანობის ნებისმიერი ფორმით მხარდაჭერა: ეს იქნება ფიზიკური მხარდაჭერა, ეს იქნება ფინანსური მხარდაჭერა თუ ა.შ“, - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, კანონპროექტით არაფერი შეცვლილა ქურდული სამყაროს წევრის და კანონიერი ქურდის მიერ საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში დაკავებასთან დაკავშირებით. როგორც კი ეს პირები გადმოკვეთენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაუყოვნებლივ მოხდება მათი დაკავება.

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ის საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც დღეს მუშაობს, შექმნილი იყო 2005 წელს. „მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, გამოწვევები ცოტა უფრო სხვა ხარისხის არის. შეიძლება ითქვას, რომ ბევრი რამ შეიცვალა ტექნოლოგიურ დონეზეც, სასამართლო სისტემის დონეზეც. ამიტომ, ჩვენ დავდექით იმ აუცილებლობის წინაშე, რომ ეს კანონმდებლობა იყო შესაცვლელი.

რა არის ამ ცვლილების ძირითადი მიმართულება, გარდა იმისა, რომ კონკრეტული დანაშაულებისათვის მკაცრდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა? ჩნდება ახალი ცნებები, როგორიცაა: ქურდული სამყაროსადმი მიმართვა, ქურდული სამყაროს მხარდაჭერა, ქურდული სამყაროს წევრობა. ასევე, არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც ნიშნავს ქურდული სამყაროს პასიურ წევრობას, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი უნდა გახდეს ჩვენი სასამართლო და საგამოძიებო სისტემისთვის.

თუმცა არის ერთი ძალზე მნიშვნელოვანი სიახლეც, რაც გულისხმობს იმას, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქურდული სამყაროს წევრი ითანამშრომლებს გამოძიებასთან მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის გახსნაში, მაშინ ის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება. მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ ეს ცვლილებები არის ის აუცილებლობა, რომლებიც საჭიროა ამ გამოწვევის, პირველ რიგში, ორგანიზებული დანაშაულის საპასუხოდ და რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი არის წარმატებული ქვეყნის აშენება, რისთვისაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამარცხოთ ორგანიზებული დანაშაული“, - განაცხადა გახარიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]